მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბანკირებისგან შემდგარმა ინვესტორთა ჯგუფმა “ღია სასწავლო უნივერსიტეტი” შეიძინა

6044dc0d966fc
შოთა ტყეშელაშვილი
07.03.21 17:49
7424
“თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტი” გაიყიდა - სასწავლებელი, რომლის 100%-იანი წილი ზაურ ამილახვარს ეკუთვნოდა, შპს “ველოქს ედუქეიშენმა” იყიდა. “ველოქს ედუქეიშენის” დირექტორი “საქართველოს ბანკის” დირექტორის ყოფილი მოადგილე რამაზ კუკულაძეა, კომპანიაში მისი ბიზნესპარტნიორები  საფინანსო სფეროს აღმასრულებლები არიან. მათ შორისაა “საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის” CEO ნიკოლოზ გამყრელიძე და VTB ბანკის CEO არჩილ კონცელიძე.

BMG-სთან ინტერვიუში რამაზ კუკულაძემ “ღია სასწავლო უნივერსიტეტის” სამომავლო განვითარების სტრატეგიის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, 2022 წლიდან უნივერსიტეტში კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულების დამატება არის დაგეგმილი, ამასთანავე, უნივერსიტეტის საერთაშორისო ბაზარზე პოზიციონირების გაძლიერებაც იგეგმება. 

“ჩვენი შეფასებით, ამ პროექტს საკმაოდ დიდი პერსპექტივა აქვს. ქვეყანას სჭირდება ბევრი განათლებული ადამიანი, შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ უნივერსიტეტი არის სფერო, რომლითაც ამ მხრივ განვითარება შეგვეძლება. ჩვენს პროექტში გაერთიანებული ვართ ხალხი, ვისაც ამბიცია გვაქვს, რომ განსხვავებული და კარგი რამ შევქმნათ ქართულ ბაზარზე და არამხოლოდ ქართულ ბაზარზე, რადგან რეგიონალური ამბიციები გვაქვს.

დღეს უნივერსიტეტს აქვს 4 სკოლა, ეს არის სამედიცინო მიმართულება, ეს არის სამართლის სკოლა, არის ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულება, არის ასევე ჰუმანიტარული მეცნიერებების სკოლა. ამ ოთხივე მიმართულებას ვაგრძელებთ, ამბიცია გვაქვს, რომ გავაუმჯობესოთ ისინი. ასევე, 2022 წლიდან დავამატოთ კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულება, მანამდე ბიზნესის ადმინისტრირების სკოლას გავაკეთებთ უკეთესს და სამედიცინო მიმართულებას გავაძლიერებთ,”- BMG-სთან საუბარში განაცხადა რამაზ კუკულაძემ.

ნიკოლოზ გამყრელიძის და არჩილ კონცელიძის გარდა, უნივერსიტეტის ახალ მფლობელებს შორის არიან ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს ყოფილი ხელმძღვანელი მარიამ მეღვინეთუხუცესი, ასევე “საქართველოს კაპიტალის” დირექტორის მოადგილე ავთანდილ ნამიჩეიშვილი და “ლიბერთი ბანკის” დირექტორის მოადგილე დავით წიკლაური.

“ღია სასწავლო უნივერსიტეტში” 1500-მდე სტუდენტი სწავლობს. უმაღლესი სასწავლებელი 2002 წელს არის დაფუძნებული. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი გიორგი ამილახვარი იყო, რომელიც ამჟამად “ქართული ოცნების” დეპუტატია.

კითხვაზე თუ რა თანხა გადაიხადა "ველოქს დეველოპმენტმა" უნივერსიტეტის 100%-იანი წილის შეძენაში, რამაზ კუკულაძე პასუხობს, რომ ეს კონფიდენციალურ ინფორმაციას წარმოადგენს. საჯარო რეესტრის თანახმად, უნივერსიტეტის ახალი ინვესტორები სასწავლებლის უძრავი ქონების იჯარაში თვეში 60,000 ლარს გადაიხდიან.

2019 წლის ფინანსური ანგარიშის თანახმად, "ღია სასწავლო უნივერსიტეტის" შემოსავალი 3.2 მილიონი ლარი იყო.