მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბანკის მყიდველის კაპიტალის წარმოშობას შევისწავლით - კობა გვენეტაძე VTB ბანკზე

62e1591d92768
შოთა ტყეშელაშვილი
27.07.22 19:52
1010
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ VTB ბანკის გასხვისებასთან დაკავშირებით პარლამენტში რომან გოცირიძის კითხვას უპასუხა. ის განმარტავს, რომ ბანკში ჯერჯერობით, ბანკის ყიდვით დაინტერესებული მხარის განცხადება არ შესულა, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში ბანკის მყიდველის კაპიტალის წარმოშობის შესწავლა მოხდება. ამასთანავე, იმის გამო, რომ "ვითიბი ბანკი საქართველო" აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის მიერ არის სანქცირებული, ამ ბანკის გაყიდვას მათთანაც შეათანხმებენ.

BMG-ის ინფორმაციით, ბანკის მყიდველი, სავარაუდოდ, ბიზნესმენი დავით ხიდაშელი იქნება, რომელიც 2013-2022 წლების განმავლობაში სანქცირებული რუსი ოლიგარქის, ვლადიმერ ევტუშენკოვის ჰოლდინგ "სისტემას" ერთ-ერთ შვილობილ კომპანიას Intracom Telecom-ს მართავდა. 25 ივლისს ხიდაშელმა BMG-ისთან საუბარში ბანკის შეძენის ინტერესი არც უარყო და არც დაადასტურა. "შეგატყობინებთ, როგორც გავაკეთებ ან შევიძენ რამეს,"- განაცხადა ხიდაშელმა. 

"რაც შეეხება VTB-ის, მასთან დაკავშირებით ჩვენ უკვე გავაკეთეთ განცხადება, რომ თუ სტრუქტურის შეცვლა მოხდა მფლობელობის, ეს უნდა გაკეთდეს ისე, რომ სანქციების პრინციპებთან იყოს შესაბამისობაში. ამას აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის თანხმობაც დასჭირდება და, რა თქმა უნდა, ისე არ გაკეთდება; რადგანაც ჯერ განაცხადი არ მიგვიღია, ვერ ვისაუბრებ ვინმეს კაპიტალის წარმოშობაზე. რა თქმა უნდა, კაპიტალის წარმოშობა იქნება ის ერთ-ერთი საკითხი, რომელიც ნებისმიერი მყიდველი ვინც იქნება, როდესაც დადგება საკითხი ამასთან დაკავშირებით", - პარლამენტში განაცხადა კობა გვენეტაძემ.

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის რომან გოცირიძის განცხადებით, დავით ხიდაშელისთვის "VTB ბანკის" მიყიდვა მნიშვნელოვან რისკებს წარმოშობს. 

"მინდა, რომ დაადასტუროთ, რომ ვითიბი ბანკი არ იყიდება რუსულ კომპანიაზე, მაგრამ მეორე მხრივ, დავით ხიდაშელი მუშაობს პირდაპირ ამ რუსულ კომპანია სისტემაში, რაც არის ევტუშენკოვის ჰოლდინგი და მისი ერთ-ერთი ფილიალის დირექტორი იყო 2022 წლამდე და მისი კაპიტალის წარმოშობის წყარო იყო რუსეთში მიღებული ფული იყო. ყველაზე დიდი საზედამხედველო თემაა კაპიტალის წარმოშობის წყარო. თუ თქვენ რაიმე ზეწოლის შედეგად, ამ ადამიანს მიჰყიდეთ ბანკი, სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი შეიძლება დადგეს. რამდენად შეგიძლიათ დაადასტუროთ, რომ ეს ბანკი არ აღმოჩნდება რუსული სანქცირებული ადამიანების ხელში", - განაცხადა რომან გოცირიძემ.

შეგახსენებთ, რუსეთისთვის საერთაშორისო სანქციების დაწესებიდან მალევე, საქართველოში VTB ბანკმა საკუთარი აქტივების უდიდესი ნაწილი გაასხვისა. კერძოდ, "ლიბერთი ბანკს" გადასცა SME პორტფელი და კლიენტთა ბაზა, ხოლო "ბაზის ბანკს" VTB ბანკის საცალო კლიენტები, ასევე საფილიალო ქსელი თბილისსა და რეგიონებში. ამ გარიგებების შედეგად, ბანკის აქტივები 1.6 მილიარდი ლარით, 500 მილიონ ლარამდე შემცირდა.