23.თებერვალი .2021 20:05

2020 წელს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენმა 10-წლის განმავლობაში მინიმალური ნავთობი გაატარა

2020 წელს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენმა 10-წლის განმავლობაში მინიმალური ნავთობი გაატარა
views 437
უკან

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის დატვირთვა შემცირებულია. COVID-19-ის კრიზისის გამო ნავთობზე მოთხოვნის შემცირების შედეგად, მილსადენის დატვირთვა ათწლიან მინიმუმამდე შემცირდა და მისი მეშვეობით 2020 წელს სულ 27.6 მილიონი ტონა ნედლი ნავთობის გადაზიდვა მოხდა, რაც წინა წელთან შედარებით 11.5%-ით ნაკლებია.

BP-ის მიერ ოპერირებად მილსადენს მაქსიმალური დატვირთვა 2010 წელს ნავთობის პიკური ფასების პერიოდში ჰქონდა, როდესაც საქართველოს გავლით თურქეთს 38.4 მილიონი ტონა ნედლი ნავთობი მიეწოდა.

Reuters-ის ინფორმაციით, 2020 წლის 10 თვეში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის გავლით, 2020 წელს 3.3 მილიონი ტონა ყაზახური ნავთობის ტრანზიტიც განხორციელდა, რაც წლიურ ჭრილში 0.5 მილიონი ტონით არის შემცირებული. ამასთან, მილსადენში 2020 წელს არ გაუვლია თურქმენული ნავთობის ტრანზიტსაც.

ბაქო-სუფსას მილსადენის დატვირთვა კი, 2020 წელს 0.5 მილიონი ტონით გაიზარდა და მთლიანმა ტრანზიტმა 4.2 მილიონი ტონა ნედლი ნავთობი შეადგინა.

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის" ნავთობსადენი, რომლის სიგრძეც 1776 კილომეტრია, კასპიის ზღვიდან აზერბაიჯანული ნავთობის საქართველოს გავლით მსოფლიო ბაზრებზე ტრანსპორტირებას ემსახურება. იგი ისტორიულ საერთაშორისო ენერგოპროექტს წარმოადგენს, რომელმაც გახსნის დღიდან, ანუ 2006 წლის 13 ივლისის შემდეგ 3,3 მილიარდ ბარელზე მეტი ნავთობის ტრანსპორტირება განახორციელა.

რაც შეეხება სამხრეთ კავკასიის მილსადენებს (SCP შაჰ დენიზი 1 და SCPX შაჰ დენიზი 2) მათი დატვირთვა 2020 წელს რეკორდულ მაჩვენებლამდე გაიზარდა, რაც TANAP-ის პროექტის ექსპლოატაციის აქტიურ ფაზაში გადასვლას უკავშირდება. გასულ წელს ამ მილსადენებით ჯამურად 11.1 მილიარდი მეტრ კუბი ბუნებრივი აირის ტრანსპორტირება განხორციელდა, რაც 2019 წელთან შედარებით 21%-ით ანუ 1.9 მილიარდი მეტრ კუბით მეტია.

ამ გაზსადენის დატვირთვა 2014-2017 წლებში საშუალოდ 6 მილიარდი მეტრ კუბი იყო, 2018 წელს 7.1, 2019 წელს - 9,2 მილიარდი მეტრ კუბი, 2020 წელს კი 11.1 მილიარდ მეტრ კუბამდე გაიზარდა.

შაჰ-დენიზის გაზსადენის სისტემა (SCP) უკავშირდება ტრანს-ანატოლიის გაზსადენს TANAP-ს, რომელიც თავის მხრივ დაუკავშირდება ტრანს-ადრიატიკის გაზსადენს (TAP) დასავლეთ თურქეთის საზღვარზე. ტრანს-ადრიატიკის გაზსადენი კვეთს საბერძნეთსა და ალბანეთს, საიდანაც იგი ადრიატიკის ზღვის ფსკერზე მდებარე მილსადენით სამხრეთ იტალიისაკენ მიედინება. ტრანს-ადრიატიკის გაზსადენის სრული სიგრძეა 870 კმ.

რუსეთის ფედერაციისა და სომხეთის დამაკავშირებელი მაგისტრალური გაზსადენის (ჩრდილოეთი სამხრეთის მილსადენის) დატვირთვა 2020 წელს უცვლელი დარჩა და 2.2 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა. ამ მილსადენზე არის დამოკიდებული სომხეთის მოსახლეობისა და სომხეთის თბოსადგურების გაზმომარაგება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა