20.აგვისტო .2020 09:00

„ბარ-ლევ მენეჯმენტი“ გაზაფხულზე ზეთისხილის ბაღის გაშენებას გეგმავს - კომპანიის თანადამფუძნებელი

views 402
უკან

კომპანია „ბარ-ლევ მენეჯმენტი“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ლემშვენიერაში ზეთისხილის ბაღების გაშენებას გეგმავს - ამის შესახებ BM.GE კომპანიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა გეგა ბაღათურიამ განუცხადა.

მისი თქმით, კომპანიამ 2018 წელს 6 ჰა-ზე გაშენებული ნუშის სადემონსტრაციო ბაღების გვერდით ასევე სადემონსტრაციო ზეთისხილის ბაღის გაშენება გადაწყვიტა.

„იგივე პირობებითა და ზუსტად იგივე ბიზნესი არის ზეთისხილის წარმოება, რომელიც ნუშის მსგავსად არის სუპერინტენსიური, ბუჩქისებრი და მოვლის ანალოგიური ტექნიკა სჭირდება. ამიტომ ფართობის მეორე ნაწილზე, დაახლოებით 4 ჰექტარზე ზეთისხილის გაშენებას გაზაფხულისთვის ვგეგმავთ, იმისთვის რომ დაინტერესებულმა პირებმა ნახონ რომ საქართველოში ზეთისხილიც კარგად ხარობს.

ინვესტიციის მოცულობა 1 ჰა-ზე 20 000 – 30 000 ლარი იქნება საჭირო“, - განაცხადა „ბარ-ლევ მენეჯმენტის“ თანადამფუძნებელმა.

გეგა ბაღათურია ბაღების გაშენების შემდეგ ზეთის ხილის გადამამუშავებელი საწარმოს ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ კომპანია ნაწარმოები ზეთის ექსპორტზე გატანას ესპანეთში გეგმავს.

„რაც შეეხება ამის გაყიდვას ამ შემთხვევაში მივდივართ გადამამუშავებენ ქარხნის მშენებლობასთან.

ზეთისხილიდან ზეითუნის ზეთი უნდა მივიღოთ, რომელიც შემდგომში უნდა გაიყიდოს. ზეთის მიღება ძალიან მარტივია და ცივი გამოხდის მეთოდით ვიღებთ მაღალი ხარისხის ზეითუნის ზეთს. პროდუქტის გაყიდვას საქართველოში ნაკლებად ვფიქრობთ, იმიტომ რომ ზეითუნის ზეთი ბევრად ძვირია და ჩვენ არ გვაქვს კულტურა რომ უფრო მეტი გადავიხადოთ ზეითუნის ზეთში, იმიტომ რომ სხვა ზეთებიც ბევრი გვაქვს, ამიტომ ვგეგმავთ რომ ჩვენი ნაწარმოები ზეთი გავიტანოთ ექსპორტზე ესპანეთში, სადაც პროდუქტი იქაური ბრენდის ქვეშ გაიყიდება“, - უთხრა BM.GE-ის გეგა ბაღათურიამ.

კომპანიის თანადამფუძნებელი საწარმოს ამოქმედების ზუსტ ვადებს ვერ ასახელებს და განმარტავს: „ჩვენ როდესაც 2021 წლის გაზაფხულზე გავაშენებთ ზეთისხილის ბაღებს მოსავალს დაახლოებით 3-4 წელიწადში მივიღებთ, შესაბამისად ქარხნის აუციელბლობაც 2024-2025 წლებში შეიქმნება. მანამდე ჩვენ გავაკეთებთ კვლევას და ამის შემდეგ გაკეთდება ბიზნეს გეგმაც“.

ის ასევე აცხადებს, რომ ნუში და ზეთისხილის სადემონსტრაციო ბაღების გაშენების შემდეგ „ბარ-ლევ მენეჯმენტი“ ფერმერებს ანალოგიური ბაღების გაშენებაში დაეხმარება. 

„მას შემდეგ რაც ფერმერები ნახავენ, რომ ეს კულტურები საქართველოში მოსავლიანია, ჩვენ გავუწევთ მათ კონსულტაციებს, ჩამოვუტანთ ისრაელიდან სარწყავ სისტემებსა, ნერგებს და აგრონომებს, იმისთვის რომ დაინტერესებულმა პირებმა თავისი ბიზნესის ამოქმედება შეძლონ. ამასთან ჩვენ აქვე ვზრდით უკვე აგრონომებს, ვახდენთ მათ გადამზადებას იმისთვის რომ შემდგომში ბევრად იაფად მოემსახურონ ისინი ქართველ ფერმერებს“, - განაცხადა გეგა ბაღათურიამ.