ბარაკ ობამა, ბილ კლინტონი და ჯორჯ ბუში უმცროსი მზად არიან, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ტელეკამერების წინ საჯაროდ ჩაიტარონ. ამის შეახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
გამოცემის მიხედვით, შესაბამისი გადაწყვეტილება აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტებმა მოქალაქეების დასარწმუნებლად მიიღეს იმის საილუსტრაციოდ, რომ ვაქცინა უსაფრთხო და სასარგებლოა.
ბარაკ ობამას განცხადებით, მან ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც საზოგადოების ნაწილმა უნდობლობა გამოხატა ვაქცინასთან დაკაშირებით.
„მე მესმის საზოგადოების სკეპტიციზმის, მაგრამ კარგი იქნება თუ ისტორიას გავიხსნებთ - მაგალითისთვის ავიღოთ აცრა პოლიომიელიტზე. დღეს, აღნიშნული ვაქცინის გამოყენების შედეგად არ გვყავს ბავშვები, რომლებიც წითელას ან ჩუტყვავილას დაავადებებისგან იღუპებიან“, - განაცხადა ობამამ.
შეგახსენებთ, აშშ-ში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ავტორიზაციის პროცესი უკვე მიმდინარეობს და მოსახლეობის აცრა სავარაუდოდ, დეკემბრის ბოლომდე დაიწყება.