მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბარბალე" - ახალციხეში წარმოებული იასამნისფერი კარტოფილი

5e47f19d73651
ანი ციხისთავი
15.02.20 20:00
3142
საქართველოში უკვე მეორე წელია იასამნისფერი კარტოფილი იწარმოება. ქეთი დიდმანიძეს პროდუქტი ახალციხის რაიონის სოფელ აწყურში მოჰყავს. Bm.ge ამის შესახებ თავად კარტოფილის მწარმოებელს ესაუბრა.

დიდმანიძის თქმით, იასამნისფერი კარტოფილი ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტია და თეთრ კარტოფილთან შედარებით ბევრად უფრო სასარგებლოცაა.

“ეს პროდუქტი ისეთ ვიტამინებს შეიცავს, რომლებიც იმუნიტეტისთვის არის კარგი, წნევიანებისთვისაც სასარგებლოა, რადგან წნევას დაბლა წევს და ამბობენ, რომ სიბერესაც ანელებს”,- აღნიშნავს მწარმოებელი.

კარტოფილი “ბარბალეს” Facebook გვერდიდან პირადი შეკვეთების საშუალებით იყიდება. მისი შეძენა ზოგიერთ პატარა მაღაზიაშიცაა შესაძლებელი.

პროდუქტის ფასი 6 ლარია.

“ეს ხშირად მომხმარებელს აფრთხობს, მაგრამ შხამ-ქიმიკატების გარეშე დამზადება ხარჯებს მნიშვნელოვნად გვიზრდის”,- აღნიშნავს ქეთი დიდმანიძე.

მწარმოებლის თქმით, იასამნისფერი კარტოფილი ქართულ ბაზარზე ჯერჯერობით ვერ გახდა პოპულარული.

“რომ გითხრათ ამ პროდუქტზე დიდად მოთხოვნა გაჩნდა მეთქი, არ იქნება მართალი, მაგრამ ვინც ინტერესის გამო გასინჯავს, ის შემდეგ აუცილებლად ინტერესდება ხოლმე, რადგან ეს კარტოფილი, სხვა სიკეთეებთან ერთად, გემრიელიც არის”,- აცხადებს დიდმანიძე.

ქეთი დიდმანიძე ამბობს, რომ მომავალი წლისთვის წარმოებული იასამნისფერი კარტოფილის რაოდენობის გაზრდას აპირებს.

“წელს 1 ტონა მოვიყვანეთ, მომავალ წელს გაცილებით მეტს ვგეგმავთ - 3 ტონას მაინც”,- აცხადებს მწარმოებელი.

მწარმოებლის თქმით, ის ხშირად ცდილობს სხვადასხვა პროგრამაში მიიღოს მონაწილეობა.

პროექტი “აზრის” დახმარებით, მწარმოებელმა თანადაფინანსებით სარწყავი სისტემა მოაწყო.

“ასევე ყოველთვის დიდ დახმარებას ვიღებთ ელკანასგან, ბიომეურნეობათა ასოციაციისგან”,- აცხადებს ქეთი დიდმანიძე.