მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბარი "ხამანწკა": “სრული ლოქდაუნიც რომ გამოაცხადონ, ჩაკეტილ კარს მიღმა ქორწილები და ქელეხები მაინც იქნება"

607a8dc4c0a84
ანუკა ჯოხაძე
17.04.21 12:38
1478
"ყველაზე დიდი საფრთხე სარესტორნო სივრცეებია, დათქმებს ყველაზე მეტად არღვევენ", - ეს სიტყვები ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს ეკუთვნის, რასაც კერძო სექტორის მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. შეზღუდვების დაწესების შემთხვევაში ეკატერინე ტიკარაძე განმარტავს, რომ ამ ბიზნესს ინდივიდუალურად მიუდგებიან და დაყოფენ კეთილსინდისიერ და არაკეთილსინდისიერ კანონის დამცველებად. რესტორნებში ვირუსის გავრცელების მაღალ მაჩვენებელს ადასტურებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე, თუმცა მინისტრისგან განსხვავებით ის ამბობს, რომ საუბარია ძირითადად ორგანიზაციებზე, სადაც ქორწილები, ქელეხები და მსგავსი მასშტაბური სოციალური ღონისძიებები იმართება.

ბარ "ხამანწკას" დამფუძნებელი თინა ვაშაკიძე ამბობს, რომ რესტორნების დახურვა გამოსავალი არ არის, რადგან დახურულ კარს მიღმა სოციალური ღინისძიებები მაინც ჩატარდება. მისი თქმით, რესტორანში ყველა წესი დაცულია, შესაბამისად, რეგულაციების დაცვის შემთხვევაში, ინფექციის გავრცელების რისკი დაბალია. ვაშაკიძის განმარტებით, გამოსავალი მასობრივი ვაქცინაციაა, თუნდაც სავალდებულო მომსახურების სფეროში.

“სულ რომ სრული ლოქდაუნი გამოაცხადონ, ჩაკეტილ კარს მიღმა ქორწილები და ქელეხები მაინც იქნება, იმიტომ რომ ასე იყო მთელი წელი. ეს ყველაფერი იქნება და არსად არ წავა რესტორნების დაკეტვით. რესტორანში კი, სადაც მართლა დაცულია რეგულაციები, დისტანცია, დეზინფექცია კეთდება, რატომ უნდა მივადგეთ და პირველი რატომ უნდა დავკეტოთ, არ ვიცი. გამოსავალს ვხდავ, რა თქმა უნდა, ვაქცინაციაში. თუნდაც სავალდებულო ვაქცინაციაში მომსახურების სფეროში. თუნდაც ჩვენი ფინანსებით რომ დავასპონსოროთ ჩვენი თანამშრომლების ვაქცინაცია, მხოლოდ გვქონდეს მუშაობის საშუალება", - ამბობს ბარ "ხამანწკას" დამფუძნებელი თინა ვაშაკიძე.

ცნობისთვის, ამ ეტაპზე ვაქცინაციის პროცესში ჩართულები არიან 55 წლის და უფროსი მოსახლეობა, სამედიცინო პერსონალი და დიალიზზე მყოფი და ორგანოგადანერგილი პაციენტები.