მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბარიერები ტრენაჟორებს შორის და ა.შ. - რაზე თანხმდებიან და რაზე-ვერ, მთავრობა და ფიტნეს ცენტრები?

5ef1f5bfd155c
ინგა მურუსიძე
23.06.20 17:45
1817
სასტუმროების შემდეგ, შრომის ინსპექტორის მოწვევა და გახსნამდე შემოწმების გავლა, სავარაუდოდ, ფიტნეს ცენტრებსაც მოუწევთ. ბიზნესომბუდსმენს, შრომის ინსპექტორსა და ფიტნეს ცენტრებს შორის გუშინ გამართული შეხვედრის შესახებ bm.ge-ისთან „ოკტოპუს ფიტნეს კლუბის“ დამფუძნებელმა ისაუბრა. გიორგი ასათიანი ამბობს, რომ covid-19-ით გამოწვეული რეგულაციების გამო, ფიტნეს დარბაზების ხარჯვითი ნაწილი მნიშვნელოვნად გაიზრდება, თუმცა ბოლოო თვეებში იმხელა ფინანსური ზარალი მიიღეს, მზად არიან, თანხები გაიღონ, ოღონდ მოქალაქეების მიღება შეძლონ.

„როგორც ყველამ იცის, უკვე სამ თვეზე მეტია დაკეტილები ვართ. მთავრობას შევთავაზეთ ჩვენი იდეები, რომელშიც გვეწერა ის სტანდარტები, რაც დასავლეთის ქვეყნებშია მიღებული. მათ ეს იდეები და სტანდარტები განიხილეს ეპიდემიოლოგებთან, თავიანთი რეგულაციებიც დაამატეს და შემუშავებულია სამუშაო ვერსია. ძირითად საკითხებზე შეთანხმებული ვართ და დარჩა რამდენიმე თემა, რომელიც საბოლოო დაზუსტებას ელოდება. იმედი გვაქვს, უახლოეს მომავალში რეკომენდაციები საბოლოოდ ჩამოყალიბდება“, - განაცხადა ასათიანმა.

"ოკტოპუსის" დამფუძნებელი იმ კონკრეტულ რეგულაციებზეც საუბრობს, რისი შესრულებაც ფიტნეს ცენტრებს მოუწევთ.

"ძირითადი სპეციფიკური თემები იყო პირბადესთან დაკავშირებით. მოქალაქე დარბაზში შემოვა პირბადით, ხოლო ვარჯიშის დროს პირბადის გამოყენება საჭირო აღარ იქნება. მეორე სპეციფიკური თემა იყო შემრევი ონკანების (დუში) და საშხაპეების საკითხი. აქ მიდგომა იქნება შემდეგი - ფიტნეს დარბაზს, რომელსაც გააჩნია გატიხრული საშხაპე, ნებადართული ექნება მუშაობა ასე გააგრძელოს. ასევე, საუბარი იყო იმაზე, რომ გასახდელების გამოყენება მოხდეს ლიმიტირებულად ისე, რომ სოციალური დისტანცირება იყოს დაცული. კიდევ ერთი საკითხი ეხება ტრენაჟორებს, აქ ორი მიდგომაა - ბარიერი ტრენაჟორებს შორის ან ორმეტრიანი დისტანცია“, - ამბობს ასათიანი.

მისივე თქმით, ერთადერთი საკითხი, რაზეც შეთანხმება არ მომხდარა, ფიტნე-ცენტრებში დაშვებული მოქალაქეების რაოდენობაა. "საუბარია იმაზე, რომ ახლა შრომის ინსპექცია განიხილავს, 8 კვადრატულ მეტრზე ერთი ადამიანის დაშვება მოხდეს, რაც ფიტნეს ცენტრებისთვის მიუღებელია და ვფიქრობთ, 4-5-6 კვადრატულ მეტრზე ერთი ადამიანის დაშვებაც საკმარისი იქნება", - აღნიშნა მან.

გიორგი ასათიანი იმედს გამოთქვამს, რომ ეს მიდგომა გადაიხედება და უახლოეს მომავალში შეთანხმება შედგება.

კიდევ ერთი საკითხი, რაზეც ფიტნეს ცენტრები მეტ კონკრეტიკას ითხოვენ, ვენტილაციის სისტემაა. როგორც ასათიანი
bm.ge-ისთან განმარტავს, ფიტნეს ცენტრებში კონდიცირების ნაცვლად ვენტილაციის სისტემაა და კარგი იქნება, რეგულაციებში დაკონკრეტდეს, ამ თემაზე რა მითითება უნდა შესრულდეს, რამდენ ხანში უნდა განიავდეს დარბაზი, რა სიმძლავრით და ა.შ.

ფიტნეს ცენტრების და საცურაო აუზების წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ გახსნას ივლისის დასაწყიში შეძლებენ.