მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„არასწორი იქნება თქმა, რომ ინფლაციას მხოლოდ სებ-ის მონეტარული პოლიტიკა უშველის“ - თურნავა

629e27006824b
ვიქტორია მღებრიშვილი
06.06.22 17:47
838
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატი ნათია თურნავა თვლის, რომ ქვეყანაში არსებულ ინფლაციას, მსოფლიოში არსებული ფაქტორების გათვალისწინებით მხოლოდ ეროვნული ბანკი ვერ გაუმკლავდება და ასეთ რთულ მოცემულობაში კომპლექსური მიდგომაა საჭირო. ამის შესახებ მან დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

ნათია თურნავა ამბობს, რომ მაშინ, როდესაც ქვეყანაში არსებულ ინფლაციაზე საერთაშორისო ფაქტორები მოქმედებს, მარეგულირებელმა ორგანომ სახელმწიფო უწყებებთან ერთად უნდა იმუშაოს.

„ეროვნული ბანკი ფასთა დონეს და ინფლაციას აკონტროლებს და მის ნორმალიზაციაზეა პასუხისმგებელი, ამიტომ ეროვნული ბანკის პასუხისმგებლობა ამ კუთხით ძალიან მაღალია, თუმცა აქვე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ძალიან სპეციფიურ გარემოში ვართ, როდესაც ინფლაცია გამოწვეულია ტრადიციული ფაქტორებით, როგორებიცაა ეკონომიკის ციკლურობა, ე.წ. ეკონომიკის გადახურება და ფასებზე ერთობლივი მოთხოვნის ზემოქმედება ფასებზე, რომელზე მონეტარული ბერკეტები მოქმედებს. ამავე დროს არსებობს ეგზოგენური ფაქტორები, რომელზეც გავლენას არა თუ ეროვნული ბანკი, არამედ ეროვნული მთავრობებიც ვერ ახდენენ. ამ შემთხვევაში მხოლოდ ერთობლივი მუშაობით შეიძლება მათი მოქმედების შერბილება.

დღეს ჩვენ ეროვნულ ბანკს ვერ მოვთხოვთ პასუხს იმაზე, რომ წინასწარ ვერ გათვალა და ვერ ასახა თავის პროგნოზებში, თუ როდის იქნებოდა მიღებული, ან რა მასშტაბით და ვადებით ნავთობის და ნავთობპროდუქტების მიმართ ემბარგო, იგივე საომარი მოქმედებების ხანგრძლივობა, მათი ესკალაციის და დეესკალაციის პერსპექტივა. არის ისეთი ფაქტორები, რომელზეც ეროვნული ბანკი გავლენას მარტოოდენ ვერ მოახდენს. ამიტომ სამომავლოდ, ალბათ კიდევ უფრო მეტად მჭიდრო კოორდინაცია იქნება ამ თვალსაზრისით, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია ის პოლიტიკა, რომელიც მთავრობის ეკონომიკურ გუნდს აქვს დაწყებული გაგრძელდეს და გაძლიერდეს. ეს არის ბაზრების დივერსიფიკაცია, ამით ჩვენ ჩვენს მოწყვლადობას ვამცირებთ, ჩვენ ვხედავთ, რომ ექსპორტი კონფლიქტის ზონის მიმართულებით შემცირდა, მაგრამ მიუხედავად ამისა მთლიანობაში ექსპორტი გაზრდილია; ფისკალური პოლიტიკა საბიუჯეტო კონსოლიდაცია, რაც ფინანსთა მინისტრის პასუხისმგებლობაა. ძალიან ბევრი დახმარების პროგრამა განხორციელდა და ფისკალური სტიმული მიეცა ეკონომიკებს, რაც იმ მომენტში საჭირო იყო. ახლა კი მკაცრი ფისკალური პოლიტიკა უნდა გატარდეს და საბიუჯეტო დეფიციტის მართვა უნდა განხორციელდეს, რაც პირველ რიგში ფინანსთა სამინისტროს პასუხისმგებლობაა.

არასწორი იქნება იმის თქმა, რომ მხოლოდ ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკით ამ ამოცანის მიღწევას 100%-ით შეძლებს. ღრმად მჯერა, რომ ასეთ სპეციფიურ გარემოში ინფლაციას მხოლოდ კომპლექსური პოლიტიკის ზომები შველის“, - განაცხადა თურნავამ.