მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Batumi View - „რეკან გრუპ ჯორჯიას“ $50 მლნ-იანი პროექტი შავი ზღვის სანაპიროზე

5f27ee7240b41
ვიქტორია მღებრიშვილი
04.08.20 00:04
3318
2020 წლის პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაწილში ტოპ ინვესტორ კომპანიებს შორის ერაყის მოქალაქეების მიერ 2014 წელს დაფუძნებული კომპანია „რეკან გრუპ ჯორჯია“ მოხვდა.

საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, კომპანიის 25%-იანი წილის მფლობელი ერაყელი აჰმად ისმაილ მოჰამმად სიანი, 50%-იანი წილის ერაყელი მუჰამედ ისმაილ მუჰამედ სეიან და 25% წილის მფლობელი აჰმედ ალი აზეეზ აზეეზი არიან.

BM.GE კომპანიის საქმინობითა და 2020 წლის პირველ კვარტალში განხორციელებული ინვესტიცის მოცულობით დაინტერესდა.

როგორც BM.GE-ის კითხვების საპასუხოდ „რეკან გრუპ ჯორჯიას“ აღმასრულებელმა დირექტორმა დაშთი მოჰამმედ ს შუქრი შუქრიმ განაცხადა, აჭარაში კომპანია 50 მლნ დოლარის ღირებულების პროექტს „ბათუმი ვიუს“ ახორციელებს.

„ამ ეტაპზე საქართველოს ზღვისპირეთში მხოლოდ ერთ მასშტაბურ პროექტს ვახორციელებთ, რომელსაც ''ბათუმი ვიუ''- ს მრავალფუნქიონალური კომპლექსის მშენებლობა წარმოადგენს.

„ბათუმი ვიუ“-ს პროექტის საერთო საინვესტიციო ღირებულება 50 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს და მისი მშენებლობა ქალაქ ბათუმში , ლეხ და მარია კაჩინსკების N8-ში ხორციელდება“, - განაცხადა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა.

დაშთი მოჰამმედ ს შუქრი შუქრი არ აკონკრეტებს რა მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა 2020 წლის პირველ კვარტალში, თუმცა ამბობს, რომ შესაძლოა პროექტის საინვესტიციო ღირებულება გაიზარდოს.

რაც შეეხება პროექტის დეტალებს, როგორც კომპანიაში განმარტავენ, „ბათუმი ვიუს“ კომპლექსი მოიცავს 850 აპარტამენს, რომელიც სამ შენობაში იქნება განთავსებული, ხოლო მეოთხე შენობაში პროექტის მიხედვით სასტუმრო ამოქმედდება.

„კომპანიამ საინვესტიციო ხელშეკრულება აჭარის ფინანსთა სამინისტროსთან 2014 წელს გააფორმა, რომლის თანახმად 15 000 მ2 მიწა „რეკან გრუპ ჯორჯიას“ საკუთრებაში შემდეგი ვალდებულებით გადმოეცა, ინვესტორს ამ ადგილას 50 მლნ დოლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა“, - განმარტავენ კომპანიაში.

მათივე ინფორმაციით, 50 მლნ დოლარის ღირებულების პროექტის სრულად დასრულების შემდეგ კომპანია ვალდებულების თანახმად 450 ადამიანის დასაქმებას შეძლებს.

„პროექტის მშენებლობა 2016 წლის მარტში დაიწყო და აპარტამენტების სამი კორპუსის მშენებლობა დასრულების პირასაა. აპარტოტელი საბოლოოდ 2021 წელს გაიხსნება. რაც შეეხება სასტუმროს ნაწილს, აქ პროექტირებაში გარკვეული ცვლილებების შეტანა მოგვიწია, რის გამო სასტუმროს მშენებლობა დაახლოებით 2023 წლისთვის დასრულდება. რომელი ბრენდის სასტუმრო გაიხსნება ჯერ უცნობია, რადგან მსოფლიო ბრენდებთან მოლაპარაკებები ამ დროისთვის მიმდინარეობს“, - აღნიშნეს „რეკან გრუპ ჯორჯიაში“.

მათივე თქმით, აპარტამენტების შესყიდვით ძირითადად უცხოელი ტურისტები ინტერესდებოდნენ და ამ დროისთვის 60% გაყიდულია.

„პანდემიამ გაყიდვები შეანელა, რადგან ჩვენი პროექტით ძირითადად უცხოელები ინტერესდებიან“, - აღნიშნავენ კომპანიაში.