მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმის მერიამ ISUZU-ს მარკის 40 ახალი ავტობუსი იყიდა

6127351402aa4
BM.GE
26.08.21 19:22
1571
ბათუმის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში, ბათუმს ISUZU-ს მარკის 40 ახალი ავტობუსი ეყოლება.

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლის არჩილ ჩიქოვანის თქმით, ახალი ავტობუსები იქნება სრულად ადაპტირებული და თანამედროვე სტანდარტების, გათბობისა და კონდიცირების სისტემით აღჭურვილი.

„ბათუმისთვის 40 ახალი ავტობუსი შევიძინეთ. საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება და განახლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია და ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ. მოგეხსენებათ, გასულ წელს 8 ელექტროავტობუსი შემოვიყვანეთ, ახლა კი, 40 ერთეული დავამატეთ. ავტობუსები იქნება სრულად ადაპტირებული და თანამედროვე სტანდარტების, აღჭურვილი გათბობისა და კონდიცირების სისტემით.

დამონტაჟებული იქნება საინფორმაციო ხმოვანი და ვიდეომონიტორინგის სისტემები და რაც მთავარია, ახალი ავტობუსებით მოქალაქეები შეძლებენ კომფორტულად და უსაფრთხოდ გადაადგილებას. სატრანსპორტო პოლიტიკის განვითარების მიმართულებით არაერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს ვდგამთ. ვასრულებთ ველოსისტემის გენერალური გეგმის შემუშავებას. უკვე მოეწყო სპეციალური სავალი ზოლები ავტობუსებისთვის, რომლითაც გადაადგილება ასევე შეუძლიათ ველომოყვარულებს.

ქალაქის მასშტაბით დამონტაჟდა ფერადი ტაბლოები, მოეწყო ახალი საათობრივი პარკირებები. სამომავლოდ, ასევე, განვიხილავთ შუქნიშნების განახლებას. ჩვენი ამოცანაა მუნიციპალური ტრანსპორტის მოხმარების გაზრდა და ავტობუსების პარკის განახლება“ - განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა.

EURO 5 სტანდარტის, citibus-ის მოდელის 16 ერთეული ავტობუსი სიგრძით 10 მეტრს შეადგენს და 63 მგზავრის გადაყვანა შეუძლია. ხოლო EURO 6 სტანდარტის, novociti life-ის მოდელის 24 ერთეული ავტობუსი 8 მეტრიანია და 53 მგზავრს მოემსახურება. ავტობუსების შეძენა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ კონსოლიდირებული ტენდერის გზით განახორციელა. ავტობუსების შესყიდვის საერთო თანხა 5 521 595 ევროს შეადგენს.