მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ბათუმის აეროპორტში 2019 წელთან შედარებით მგზავრების 100% დავიბრუნეთ“ - თეა ზაქარაძე

60fef62f7a756
ვიქტორია მღებრიშვილი
26.07.21 15:52
1137
TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერის თეა ზაქარაძის განცხადებით, ივლისში ბათუმის აეროპორტში მგზავრთნაკადი 2019 წლის მაჩვენებელს დაუბრუნდა. ავიაციის აღდგენის ტენდენციებზე მან „საქმიანი დილის" რუბრიკაში - „საუბრები ავიაციაზე“ ისაუბრა.

მისი თქმით, რომ არა ის ინვესტიცია, რომელიც აეროპორტის გაფართოებას და ახალი ტერმინალის ამოქმედებას მოხმარდა, დღეს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი ამდენი მგზავრის მიღებას ვერ შეძლებდა.

„ბათუმის აეროპორტი სეზონური აეროპორტია და განსაკუთრებით ზაფხულშია დატვირთული. ჩვენ დროული ინვესტიცია განვახორციელეთ იქ და ახალი ტერმინალი გავხსენით. ივლისის მგზავრთნაკადი 2019 წლის ანალოგიურ პერიოდს რომ შევადაროთ, ვნახავთ, რომ მგზავრების 100% დავიბრუნეთ. რაც შეეხება 6 თვის მონაცემებს, ბათუმის აეროპორტში მგზავრების 59% დავიბრუნეთ.

იყო ძალიან ბევრი კითხვა, რატომ ვახორციელებდით ბათუმის აეროპორტში ინვესტიციას პანდემიის პერიოდში. მე ვფიქრობ, რომ ბათუმის ტერმინალი ძალიან დროულად გავაფართოეთ და გავაკეთეთ ის, რაც უნდა გაგვეკეთებინა; რომ არა ეს ინფრასტრუქტურა, მერწმუნეთ იმ რაოდენობის მგზავრების მიღება, რომელსაც ჩვენ დღეს ბათუმში ვიღებთ, გაგვიჭირდებოდა“, - განმარტა თეა ზაქარაძემ.

TAV Georgia-ს გენერალურმა მენეჯერმა თბილისის აეროპორტის დატვირთულობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 6-თვიან ჭრილში აეროპორტი 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 27%-ით იყო დატვირთული, ხოლო ივლისში, წინა წლის ივლისთან შედარებით მგზავრთნაკადი 59%-ით აღდგა.

ცნობისთვის: TAV Georgia-მ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალი მიმდინარე წლის მარტში გახსნა. პროექტის განხორციელებისთვის კი კომპანიამ პანდემიის პერიოდში 17 მლნ დოლარის ინვესტიცია ჩადო.

შეგახსენებთ: 2021 წლის იანვარ-ივნისში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 121 ათას 901 მგზავრს მოემსახურა, 2020 წლის იანვარ-ივნისში კი 48 ათას 720 მგზავრს. შესაბამისად მგზავრთნაკადის ზრდა 150,21%-ია.