მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმის დელფინარიუმი იხსნება - რა წესების დაცვა მოუწევს ვიზიტორებს?

5ef4b45b29a89
ვიქტორია მღებრიშვილი
26.06.20 09:00
3141
30 ივნისს 16:00 საათზე ბათუმის დელფინარიუმში 4 თვიანი პაუზის შემდეგ პირველი წარმოდგენა გაიმართება.როგორც BM.GE-ს დელფინარიუმის ადმინისტრაციაში განუცხადეს, ამ პერიოდის განმავლობაში მოსახლეობის მხრიდან წარმოდგენების გამართვის სურვილი იყო, თუმცა არა ისეთი, რა მოთხოვნაც წინა წლებში ჰქონდათ.

30 ივნისიდან წარმოდგენები დელფინარიუმში სამშაბათს, შაბათს და კვირას 16:00 საათზე გაიმართება.

„ჩვენ საყოველთაო კარანტინის გამოცხადებამდე მივიღეთ გადაწყვეტილება და ვირუსის გავრცელების პრევეციის მიზნით დავხურეთ დელფინარიუმი. გახსნისთვის თავდაპირველად წარმოდგენა განსაზღვრულ დღეებში ერთხელ გაიმართება, ხოლო შემდგომ უკვე მოთხოვნიდან გამომდინარე ვიხელმძღვანელებთ და გავზრდით წარმოდგენების რაოდენობას“, - განმარტავენ ადმინისტრაციაში.

მათი ინფორმაციით, იცვლება გასაყიდი ბილეთების რაოდენობა და ვიზიტორების განთავსების წესები.

„თერმოსკრინინგს გაივლის ყველა თანამშრომელი, ხოლო ვიზიტორები ღია სივრცეში თერმოსკრინინგს არ საჭიროებენ. რაც შეეხება ბათუმის აკვარიუმს, იქ შესვლის მსურველებს აუცილებლად უნდა ჰქონდეთ პირბადეები.

გახსნისთანავე დაცული იქნება უსაფრთხოების ყველა საჭირო ზომა. ბილეთები გაიყიდება, როგორც ონლაინ, ასევე სალაროებში. თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ ბოლო წლებში ონლაინ გაყიდვები სულ უფრო მეტად აქტულური ხდება. ამასთან ბილეთები გაიყიდება ადგილების გამოტოვებით და ასევე რიგებს შორის თითო რიგი სრულად ცარიელი იქნება. ოჯახების შემთხვევაში ბილეთები მაინც ადგილების გამოტოვებით გაიყიდება, თუმცა მათ ერთად დაჯდომის შესაძლებლობაც ექნებათ. გაყიდულ ადგილებზე დაკრული იქნება შესაბამისი სტიკერები“, - ამბობენ ადმინისტრაციაში.

BM.GE-ს კითხვაზე ადგილების შემცირებით ხომ არ გაიზრდება წარმოდგენაზე დასწრების ღირებულება, ბათუმის დელფინარიუმში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის ბილეთის ღირებულება უცვლელად შენარჩუნებულია და დღის შოუს ღირებულება 15 ლარს შეადგენს.

მათივე განცხადებით, კორონავირუსის პანდემიის გამო, დელფინარიუმის ბინადრების, თანამშრომლების და მაყურებელთა უსაფრთხოების დაცვისა და პრევენციის მიზნით, მომდევნო თვეების განმავლობაში, ინტერაქტივის - დელფინებთან ცურვის სერვისი, დროებით შეჩერებული იქნება.