28.იანვარი .2022 21:00

ბათუმის მერიამ შტატგარეშეების ხელფასზე 1.5 მლნ დახარჯა - შესრულებული სამუშაო დოკუმენტურად არ დგინდება

ბათუმის მერიამ შტატგარეშეების ხელფასზე 1.5 მლნ დახარჯა - შესრულებული სამუშაო დოკუმენტურად არ დგინდება
views 733
უკან

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ბათუმის მერიისა და საკრებულოს 2019-2020 წლების საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში კრიტიკულადაა შეფასებული მერიაში შტატგარეშე სტატუსით დასაქმებული პირების საქმიანობა, რადგანაც აღნიშნული პირებისთვის გასამრჯელოს სახით გადახდილი 1.5 მილიონი ლარის მიუხედავად, დოკუმენტურად არ დგინდება თუ რა სამუშაო შეასრულეს შტატგარეშე მოხელეებმა. ასევე კრიტიკულად არის შეფასებული შტატგარეშეთა საქმიანობა ბათუმის საკრებულოშიც.

“აუდიტის პერიოდში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებზე შრომის ანაზღაურების სახით გაცემულია სულ 1.474.674 ლარი, მათ შორის, თანამდებობრივი სარგო − 1.426.468 ლარი, პრემია/ჯილდო − 46.806 ლარი და დანამატი − 1.400 ლარი. აღსანიშნავია, რომ პრემია და დანამატი გაცემულია 2019 წელს, თუმცა ნამუშევარი დროის აღრიცხვის გაუმართავი სისტემის გამო, ფაქტობრივად, ვერ მოხერხდა შესაფერისი დოკუმენტური მტკიცებულებების მოპოვება ზეგანაკვეთურად ნამუშევარი საათების შესახებ.

რიგ შემთხვევებში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების დასაქმება ხორციელდებოდა მუდმივი ამოცანების შესასრულებლად. გარდა ამისა, აუდიტის ჯგუფს ვერ წარმოუდგინეს დოკუმენტური მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოს შესრულებას.

საკრებულოში შტატგარეშედ დასაქმებული პირების დანიშვნასთან დაკავშირებით გამოცემული ბრძანებები არ მოიცავდა დანიშნული პირების მიერ შესასრულებელი სამუშაოს აღწერილობებს ან/და დავალებებს და მიეთითებოდა მხოლოდ ზოგადი უფლება-მოვალეობები. მერიაში კი, რიგ შემთხვევებში, სახელშეკრულებო სამუშაო აღწერილობების ნაწილი მოიცავდა შტატით გათვალისწინებულ თანამდებობებზე დანიშნული პირების მიერ შესასრულებელ ფუნქციამოვალეობებს,” - ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაში.