მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმის ნავთობტერმინალის $59-მილიონიან აქტივებს საგადასახადო გირაო დაედო

6260290a7e45a
ნინო ტაბატაძე, შოთა ტყეშელაშვილი
20.04.22 19:40
1259
“ბათუმის ნავთობტერმინალის” $59 მილიონიან ქონებას საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა ადევს. ამის შესახებ საჯარო რეესტრში კომპანიის ამონაწერიდან ირკვევა.

“ბათუმის ნავთობტერმინალის” მესაკუთრეა ყაზახეთის სახელმწიფო საინვესტიციო ფონდის საკუთრებაში არსებული “ყაზტრანსოილი”. თავად “ბათუმის ნავთობტერმინალი” ბათუმის პორტის მართვის ექსკლუზიურ უფლებას ფლობს.

კომპანიას საგადასახადო ორგანოებთან დავა აქამდეც ჰქონდა, კერძოდ, 2021 წლის თებერვალში მის ქონებას შემოსავლების სამსახურმა ყადაღა დაადო.

ახალი დავა კომპანიის საგადასახადო შემოწმებას უკავშირდება, რის შედეგადაც, შემოსავლების სამსახურმა კომპანიას 2.6 მილიონი ლარის გადასახადები და ჯარიმები დააკისრა.

ნავთობტერმინალის გარშემო მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით დღეს სტატია გამოაქვეყნა ყახაზურმა გამოცემა kazakh24-მა, რომელიც კომპანიაში არსებულ რთულ მდგომარეობას შეეხება.

“2021 წლის დეკემბერში ბათუმის ნავთობტერმინალმა საქართველოს შემოსავლების სამსახურისგან მიიღო შეტყობინება საგადასახადო შეტყობინების შესახებ, რაც 2018 წლის 1 ივლისიდან 2021 წლის 15 თებერვლის ჩათვლით პერიოდს შეეხება. საგადასახადო შემოწმების შედეგად, კომპანიას დამატებით დაეკისრა გადასახადები და ჯარიმები 2,605,000 ლარის ოდენობით. 2022 წლის 20 იანვარს ბათუმის ნავთობტერმინალმა საგადასახადო შემოწმების აქტი შემოსავლების სამსახურში გაასაჩივრა. 2022 წლის 3 იანვარს შემოსავლების სამსახურმა ბათუმის ნავთობტერმინალის სრულ ქონებას ანუ 59.2 მილიონი დოლარის აქტივებს დაადო საგადასახადო გირაო/იპოთეკა", - ნათქვამია სტატიაში.

შემოსავლების სამსახურის თანახმად, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა არის საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიების ერთ-ერთი სახეა, რომელსაც უწყება საგადასახადო დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში იყენებს.
2020 წელს ბათუმის ნავთობტერმინალის და მის დაქვემდებარებაში არსებული ბათუმის პორტის შემოსავალმა - 25.7 მილიონი დოლარი, წმინდა ზარალმა კი 6 მილიონი დოლარი შეადგინა.

“ბათუმის ნავთობტერმინალს” ბათუმის პორტის მართვის უფლება 2006 წელს 49 წლის ვადით მიენიჭა.

თემასთან დაკავშირებით BMG შემოსავლების სამსახურსაც დაუკავშირდება და მათ პოზიციას მიღებისთანავე გაგაცნობთ.