მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა თავი ფინანსური მენეჯერის პოზიციაზეც დაინიშნა - აუდიტი

5e593d6e38b38
თამთა ჯიჯავაძე
28.02.20 21:20
5964
შპს „ქ. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს“ დირექტორმა პარტნიორთა კრების გადაწყვეტილების გარეშე თავი მისივე ბრძანებით ფინანსური მენეჯერის თანამდებობაზე დაინიშნა და აღნიშნულ პოზიციაზე 2018 წელს შეთავსებით მიიღო ანაზღაურება 12,500 ლარი. აღნიშნულის შესახებ საუბარია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ბათუმის მუნიციპალიტეტის საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშში.

„შპს „ქ. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს“ პარტნიორთა კრების მიერ დირექტორის შრომის ანაზღაურება თვეში განისაზღვრა 2,500 ლარის ოდენობით. 2018 წელს დირექტორის თანამდებობაზე წლის განმავლობაში განაცემი შეადგენს 44,875 ლარს, მათ შორის, უშუალოდ დირექტორის თანამდებობაზე − 32,375 ლარს, ხოლო საზოგადოებაში არსებული ფინანსური მენეჯერის თანამდებობის ვაკანსიის ხარჯზე დირექტორის მიერ შეთავსებით მიღებულია ანაზღაურება 12,500 ლარი“, - წერია ანგარიშში.

გარდა „ქ. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს“ დირექტორისა, ანალოგიურად, შპს „ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის“ დირექტორზეც დამატებით გაცემულია ანაზღაურება 14,905 ლარი.

„წარმოდგენილი დოკუმენტებით ირკვევა, რომ ადმინისტრაციის 18 თანამშრომლიდან, მხოლოდ 6 თანამშრომელზეა გაცემული შრომის ანაზღაურება − 34,289 ლარი, ხოლო დარჩენილ 12 თანამშრომელზე ანაზღაურება გაცემული არ არის და არც შესაბამისი დოკუმენტური დადასტურებაა წარმოდგენილი გაუცემლობის მიზეზთან და მოტივთან დაკავშირებით. აღნიშნული გარემოებები წარმოშობს რისკს, რომ შპს „ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში“ შრომის ანაზღაურება გაიცემა დასაქმებულთა თანასწორუფლებიანობის გაუთვალისწინებლად, ხელმძღვანელის შეხედულებისამებრ“, - აღნიშნულია ანგარიშში.

შესაბამისად, აუდიტის დასკვნით, შპს „ქ. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს“ და შპს „ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის“ ხელმძღვანელებმა, პარტნიორის გადაწყვეტილების გარეშე მიიღეს შრომის ანაზღაურების სახით 27,405 ლარი, ამასთანავე, შპს „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის“ მიერ, ადმინისტრაციულ პერსონალზე შრომის ანაზღაურება არ არის გაცემული თანასწორუფლებიანობის პირობებში ერთგვაროვანი მიდგომით, რაც პარტნიორის მიერ არაეფექტიან კონტროლის გარემოზე მიუთითებს.