მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ბათუმს სჭირდება საერთაშორისო ბაზრებზე ბრენდინგი, რომელიც ძალიან დაბალ დონეზეა“ - “ელთ ბილდინგი”

647ec95157428
თათია ჩაფიჩაძე
06.06.23 21:15
926
დეველოპერული კომპანია „ელთ ბილდინგის“ კომერციული დირექტორის ვალერი გურგენიძის განცხადებით, ბათუმის დეველოპერული ბაზრის მთავარი გამოწვევა ბაზრების დივერსიფიკაციაა. როგორც გურგენიძემ გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტში“ ინტერვიუსას განაცხადა, მიუხედავად კერძო სექტორის მხრიდან აქტიურობისა, ქალაქის ბრენდინგს ხელშეწყობა სახელმწიფო დონეზე სჭირდება.

„მთავარი გამოწვევაა ბაზრის დივერსიფიკაცია, რომელსაც ჩვენ ძალიან აქტიურად ვცდილობთ. გასული ვართ სხვადასხვა ბაზრებზე, ჩვენი მომხმარებლები წარმოადგენენ 40 სხვადასხვა ქვეყანას მსოფლიოს მასშტაბით, თუმცა ეს საკითხი მაინც ძალიან დიდ გამოწვევად ითვლება. ბაზრის დივერსიფიკაცია რეალურად დაკავშირებულია უსაფრთხოების გარანტიებთან ჩვენი უცხოელი ინვესტორებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის და ქალაქის ბრენდინგი, რომელიც სამწუხაროდ ჯერ-ჯერობით ძალიან დაბალ დონეზეა. დეველოპერების ერთად შეკრება ვფიქრობ, ამ მიზნის მიღწევის ერთ-ერთი საშუალებაა, თუმცა სახელმწიფოს ჩართულობა თავისთავად საჭიროა ამ პროცესში, აუცილებელია დაიგეგმოს აგრესიული საგარეო მარკეტინგული აქტივობები.

რუსეთის მოქალაქეები ჩვენთან კრიტიკულ მასას არ წარმოადგენენ, თუმცა რუსულენოვანი ბაზარი რა თქმა უნდა არის მარტივად სამუშაო ცნობადობის და ისტორიის გამო. მიუხედავად ბიზნესის მხრიდან ინტენსიური სამუშაოებისა, ცნობადობის გაზრდა სხვა ბაზრებზე მხოლოდ ჩვენი ძალებით ძალიან რთულია. ჩვენი ბიუჯეტის ფარგლებში, სამხრეთ ამერიკიდან დაწყებული აღმოსავლეთ აზიით დამთავრებული, ვცდილობთ მაქსიმალურად გავზარდოთ ეს ბაზარი. სასიხარულოა რომ მარტო ჩვენ არა, ბევრი სხვა კომპანია უკვე გასულია ისეთ ბაზრებზე რომელზეც წარმატებული მუშაობა 5 წლის წინ წარმოდგენილი იყო. დღეს ჩვენი მომხმარებლების 10-15% წარმოადგენს დასავლეთ ევროპას. თუმცა, ბათუმს სტრატეგიულად სჭირდება განვითარების გეგმა.

ჩემი მოსაზრებით ქალაქი უნდა ვაქციოთ მთელი წლის კურორტად, აქ კრიტიკულად მნიშვნელოვანია სახელმწიფოს აქტიურობა, მეტი ინფრასტრუქტურული პროექტის გაკეთება, მეტი გასართობი სივრცის შექმნა, რომ ადამიანებმა შეძლონ ბათუმში ჩამოსვლა და დასვენება. დღესაც ბათუმი არის მაღალი, 4*-იანი კატეგორიის კურორტი ნებისმიერი ვიზიტორისთვის. მთავარია შევინარჩუნოთ საინვესტიციო მიმზიდველობა რომ ის თანხები რაც შემოდის ბათუმში, იყოს გრძელვადიანი და მდგრადი.“ - განაცხადა გურგენიძემ.