მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ბათუმში 22 ჰა-ზე ცენტრალური პარკი გაშენდება“ - პროექტის ღირებულებაა $14 მლნ

6155970fa793c
ვიქტორია მღებრიშვილი
30.09.21 17:15
1332
რეკრეაციული სივრცის გაზრდის და სეზონურობაზე დამოკიდებულების შემცირების მიზნით, ბათუმში ცენტრალური პარკის, ახალი ტურისტული ატრაქციის მშენებლობა იწყება. თორნიკე რიჟვაძემ ამ გადაწყვეტილების შესახებ აჭარის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ დამუშავდა ბათუმის პროექტი, რომელიც ქალაქის შიდა ნაწილში არანაკლებ 22 ჰა ტერიტორიაზე გაშენდება.

პროექტის ფარგლებში ბათუმში მნიშვნელოვანი სარეკრეაციო სივრცე შეიქმნება, რაც ქალაქის სწორი ურბანული განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. სახელმწიფო მიმდინარე ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის მოწყობაში არანაკლებ 14 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. პროექტი მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურას, როგორიცაა საბავშვო-შემეცნებითი მუზეუმი, საქართველოს ერთიანობის სიმბოლური ძეგლი, ტურისტული ინფრასტრუქტურა.



„ჩვენ ყოველდღიურად ვცდილობთ ტურიზმის ხელშეწყობას, განვითარებას, საზოგადოებისთვის და ქალაქისთვის ახალი რეკრეაციული სივრცეების შექმნას. ურეხის და ე.წ. სტეფანოვკის დასახლებაში გაშენდება ახალი რეკრეაცია, ამ მიმართულებით ჩვენ ბოლო 1 წლის განმავლობაში აქტიურად ვმუშაობდით და დარწმუნებული ვარ ეს ახალი ცენტრალური პარკი შექმნის ახალ მიზიდულობის ცენტრს ტურისტული თვალსაზრისით, ამასთან ჩვენს თანაქალაქელებს ექნებათ გართობისთვის და დასვენებისთვის ახალი, ძალიან მიმზიდველი სივრცე“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მიღწეულია შეთანხმება ინვესტორთან, რომლის მიხედვითაც ტერიტორიაზე აშენდება საბაგირო, რომელიც არგოს მთას დაუკავშირდება, ამით კი ერთგვარი სამკუთხედი შეიკვრება და საბაგიროს მეშვეობით ტერიტორია ბულვარს დაუკავშირდება.