მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ბათუმში ადგილობრივი ტურისტების ნაკლებობაა“ – „აჭარა ტური“

6121105b577cf
მარიამ ადამია
21.08.21 19:33
2148
ტურისტული კომპანია „აჭარა ტურის“ დამფუძნებელი ირაკლი თავართქილაძე ამბობს, რომ ბათუმში, ბოლო პერიოდში ადგილობრივი დამსვენებლების ნაკლებობა შეიმჩნევა, რაც ცუდი ამინდებითა და გაუარესებული ეპიდვითარებითაა განპირობებული.

ტურიზმის სექტორის წარმომადგენელი BM.GE-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ საერთაშორისო ტურისტების კუთხით, აჭარაში სეზონი „პიკშია“.
„ეს ის არ არის, რაც 2018-2019 წლებში გვახსოვს, თუმცა 2020 წელთან შედარებით ტურიზმში დატვირთვის მატება ნამდვილად შესამჩნევია. ტურისტების უმეტესად ბელორუსიდან, ყაზახეთიდან და უკრაინიდან, ასევე არაბული ქვეყნებიდან, მათ შორის უმრავლესობა არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან და საუდის არაბეთიდანაა. შეიმჩნევა ტურისტები მეზობელი ქვეყნებიდანაც, მათ შორის თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და რუსეთიდან, რომლებიც სხვადასხვა აეროპორტის გავლით ჩამოდიან ჩვენს ქვეყანაში“, - ამბობს ირაკლი თავართქილაძემ.

პროგნოზებზე საუბრისას, „აჭარა ტურის“ დამფუძნებელი ამბობს, რომ ჯერჯერობით ჯავშნების გაუქმების მხოლოდ ერთეული შემთხვევები ფიქსირდება, მიზეზებად კი კოვიდით ინფიცირებას ან პირად შიშებს ასახელებენ.

ირაკლი თავართქილაძე იმედოვნებს, რომ თუ საკოორდინაციო საბჭო ე.წ. „ლოქდაუნს“ არ გამოაცხადებს, რეგიონში ტურისტული ნაკადების შენარჩუნება მოხერხდება.

„ოქტომბრიდან მზადებას ზამთრის სეზონისთვის ვიწყებთ და ამ კუთხით მთავარი ხელის შემშლელი ფაქტორი ქვეყანაში არსებული გაურკვველობა და არაპროგნოზირებადი გარემოა. ჩვენ არ ვიცით თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ხელისუფლება. ასევე ხელს გვიშლის პოლიტიკური ციებ-ცხელება და მოსალოდნელი არჩევნები. არ ვიცით როგორი იქნება ეკონომიკური პოლიტიკა მომდევნო თვეებში და შესაბამისად, ვერ ვიღებთ პასუხისმგებლობას ტურისტებზე, ვერ ვადასტურებთ და ვერ ვაძლევთ პარტნიორებს გარანტიებს და ეს ყველაფერი ტურისტულ სექტორს მუშაობის პროცესში და მომავლის დაგეგმვაში ხელს უშლის“, - აღნიშნა „აჭარა ტურის“ დამფუძნებელმა.