მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმში გაჩერებაზე ელექტროტაბლოების შეძენა-დამონტაჟებაზე შესაძლოა €224 ათასი დაიხარჯოს

6239e111b99bd
ვიქტორია მღებრიშვილი
23.03.22 00:00
1031
ბათუმში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებაზე ელექტროტაბლოების შეძენა-დამონტაჟებაზე შესაძლოა €224 ათასი დაიხარჯოს. ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ერთ-ერთ სარატიფიკაციო დოკუმენტზე მსჯელობისას ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ ისაუბრა.

განსახილველი დოკუმენტი „2017 წლის 13 ივლისით დათარიღებული „საქართველოსა და EBRD-ს შორის სასესხო შეთანხმების (ბათუმის ავტობუსების პროექტი)“ N2 ცვლილების შეთანხმება“ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისთვის ახალი, ეკოლოგიურად ეფექტური ელექტრო და დიზელზე მომუშავე, დაბალძირიანი ავტობუსების შეძენას ითვალისწინებს.

კაკაურიძის თქმით, პროექტი EBRD-ის მიერ ფინანსური მხარდაჭერის მიზნით 5.5 მლნ ევროს ოდენობით და აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობისა და გარემოს დაცვის საპარტნიორო ფონდის E5P-ის ფინანსური მხარდაჭერით 1.5 მლნ ევროს ოდენობით გამოყოფილი სესხით ხორციელდება.

მომხსენებლის თქმით, სასესხო და საგრანტო შეთანხმებით განსაზღვრული შესასყიდი საქონელი და მომსახურება ამავე შეთანხმების შესაბამისად, მსესხებელსა და ბანკს შორის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დროდადრო ცვლილებებს ექვემდებარება.

„2022 წლის 8 თებერვალს ხელი მოეწერა საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის „ბათუმის ავტობუსების პროექტის“ სასესხო შეთანხმების ცვლილებას. ამის მიხედვით შეთანხმების ფარგლებში ჩამოურიცხავი სესხის ნაწილი, 224 ათასი ევრო ბათუმის მუნიციპალიტეტის სატრანსპორტო სისტემის განვითარებას, კერძოდ, ქალაქ ბათუმის მასშტაბით საინფორმაციო ელექტრონული ტაბლოების შეძენასა და დამონტაჟებას მოხმარდება. ამით ბათუმის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა საბოლოოდ მოწესრიგდება“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

ამასთან, გაცნობებთ, რომ კომიტეტმა მხარი დაუჭირა განხილული შეთანხმებების პლენარულ სხდომაზე რატიფიცირების საკითხს.