15.მარტი .2020 21:10

ბათუმში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

views 1832
უკან

ბათუმში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს. 

ინფიცირებულია საქართველოს მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა და ის კარანტინში იყო. პაციენტი ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული და ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა სტაბილურია.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ამბობს, რომ კორონავირუსის ადგილზე გავრცელების რისკები არ არის და ყველა პროტოკოლური ღონისძიება გატარებულია.

"დღეს აჭარაში დადასტურდა იმპორტირებული ინფიცირების პირველი შემთხვევა. ჩვენი მედიკოსები ყველაფერს აკეთებენ და მდგომარეობა არის სტაბილური. მთავრობა მუშაობს იმ რეკომენდაციების გათვალისწინებით რაც გვაქვს. მოსახლეობას მინდა ვთხოვო არ ავყვეთ პანიკას, არ გვაქვს ამის არანაირი საფუძველი. ჩვენ ამ გამოწვევას მოვერევით. მუშაობს ყველა უწყება, განსაკუთრებით სამედიცინო დაწესებულებები", - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა კი ჟურნალისტებს უთხრა, რომ ინფიცირებულ მოქალაქეს სხვა ადამიანებთან და ოჯახის წევრებთან კონტაქტი არ ჰქონია. კარანტინში ყოფნის დროს მას ტემპერატურის მატება დაუფიქსირდა და დაუყოვნებლივ გადაიყვანეს ბოქსირებულ განყოფილებაში.

"ის ქვეყანაში ყველა წესის დაცვით შემოიყვანეს, კარანტინში იყო. ​ტემპერატურის მატება დაფიქსირდა და ასევე წესების დაცვით ბოქსირებულ განყოფილებაში გადავიყვანეთ. ოჯახის წევრებთანაც არ ქონია კონტაქტი. ამ პირთან ერთად თვითმფრინავში მყოფი პირები, ასევე ტრანსპორტში მყოფი პირებიც, რითაც ეს მოქალაქეები გადაადგილდებოდნენ, საკარანტინო სივრცეში არიან გადაყვანილები. პაციენტი მკურნალობას აგრძელებს. მინიმალური სიმპტომებით და მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს, რაც შეეხება სხვა პასუხებს ყველა მათგანი ამ ეტაპზე უარყოფითია", - განაცხადა ზაალ მიქელაძემ.

დღეს ბათუმიდან კიდევ 4 პაციენტის პასუხს ელოდებოდნენ. მათ კორონავირუსი არ დაუდასტურდათ. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში სულ 32 მოქალაქე შეიყვანეს და კორონავირუსი მხოლოდ ერთს დაუდგინდა.

როგორც ცნობილია საქართველოს მოქალაქე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, ევროპის ერთ-ერთი ქალაქიდან 12 მარტს ჩამოფრინდა. ის კლინიკაში გუშინ შეიყვანეს. ანალიზის პასუხი დამატებითი კვლევისთვის თბილისში გადაიგზავნა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა