მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმში მიკროავტობუსების მომსახურება დროებით შეჩერდა - ბათუმის მერია

5e71fef5e7ae5
ვიქტორია მღებრიშვილი
18.03.20 14:58
582
დღეიდან ბათუმში, ისევე, როგორც მთელი საქართველოს მასშტაბით, დროებით შეჩერდება მიკროავტობუსების მომსახურება, - ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.

როგორც მერიაში განმარტავენ, ისინი კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციების გათვალისწინებით ზღვისპირა ქალაქში პრევენციისთვის აუცილებელი ზომა გატარდება.

„კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, დღეიდან ბათუმში, ისევე, როგორც მთელი საქართველოს მასშტაბით, დროებით შეჩერდება მიკროავტობუსების მომსახურება.

მიკროავტობუსები, როგორც შედარებით მცირე სივრცის მქონე ტრანსპორტი, ვირუსის გავრცელებისთვის მომატებული საფრთხის შემცველ ტრანსპორტად იქნა მიჩნეული. აღნიშნულთან დაკავშირებით უკვე გაიმართა შეხვედრა მიკროავტობუსების კომპანიებთან.

გარდა ამისა, მუნიციპალურ ავტობუსებში იზღუდება კონტროლიორების მუშაობაც. აღნიშნული გადაწყვეტილება არ იმოქმედებს მათ ხელფასებზე და ამ პერიოდის განმავლობაში კუთვნილ ანაზღაურებას ისინი ჩვეულებრივ მიიღებენ. პრევენციის მიზნით, ავტობუსის მძღოლისა და მგზავრთა დისტანცირება სპეციალური ლენტის საშუალებით მოხდება. ამასთან, მოქმედებაში იქნება მხოლოდ უკანა კარი“, - აცხადებენ მერიაში.

მათივე ინფორმაციით, ბათუმში ავტობუსის მოსაცდელების სადეზინფექციო ღონისძიებები დაიწყო.

„მუნიციპალური ავტობუსის 150-მდე მოსაცდელი გაიწმინდება და სპეციალური ხსნარებით დამუშავდება. პარალელურად ხორციელდება მუნიციპალური ავტობუსებისა და მიკროავტობუსების დეზინფექცია. სადეზინფექციო ხსნარებით მუშავდება ადმინისტრაციული შენობები და საზოგადოებრივი სივრცეები“, - აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.