მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმში ნანგრევებიდან ამოყვანილი ქალი კლინიკაში გარდაიცვალა

61613dffdf00f
BM.GE
09.10.21 10:56
652
ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან გვიან ღამით ამოყვანილი ქალი ბათუმის რეფერალურ კლინიკაში გარდაიცვალა.
მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო. შედეგად, კორპუსის ჩამონგრევით გარდაცვლითა ოფიციალური რიცხვი 6-მდე გაიზარდა.

რაც შეეხება ნანგრევებიდან ამოყვანილ კიდევ ერთ პირს, რომელიც საავადმყოფოშია მოთავსებული, მისი მდგომარეობაც მძიმეა.

შსს-ს მიერ დღეს გავრცელებული განცხადებიდან, ირკვევა, რომ შენობაში სამშენებლო/სარემონტო უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის 3 პირი დააკავეს. მათ შორის პირველ სართულზე არსებული ბინის მეპატრონე და მის მიერ რემონტისთვის დაქირავებული ორი პირი. დანაშაულები 2-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"დაკავებული არიან პირველ სართულზე მდებარე ბინის მესაკუთრე 1975 წელს დაბადებული ზ.ბ. , 1962 წელს დაბადებული ხ.ს. და 1992 წელს დაბადებულ გ.ს. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის პირველი სართულზე ერთ-ერთი ბინის მფლობელმა ზ.ბ.-მ ბინაში სარემონტო სამუშაოებისთვის ხ.ს. და გ.ს. დაიქირავა. ბინის მესაკუთრის მითითებით და უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევით საცხოვრებელ ბინაში სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები განხორციელდა, რამაც მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევა გამოიწვია.

სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის და სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტებზე, რომელსაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და მძიმე შედეგი მოჰყვა გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 187-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს,"- ნათქვამია განცხადებაში.