მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმში, პრემიუმ კლასის რესტორანი „რუსთაველი“ გაიხსნა - როგორია კონცეფცია და შეთავაზებები?

641ae1de0b80b
ვიქტორია მღებრიშვილი
23.03.23 09:32
4736
ბათუმში, ერთ თვეზე მეტია პრემიუმ კლასის რესტორანი „რუსთაველი“ გაიხსნა. ამგვარად NBN Group-მა მასპინძლობის სექტორში მოქმედი კომპანიების პორტფელი გააფართოვა.

NBN Group-ი 13 წელია აჭარის რეგიონში სასტუმრო და სარესტორნო ბიზნესს მართავს და ჰოლდინგის ქვეშ რესტორან „რუსთაველს“, „ფიროსმანს“, საკვების მიტანის კომპანია „ვონკას“ და სასტუმრო NBN HOTEL - ს აერთიანებს.

თებერვლის დასაწყისში სატესტო რეჟიმში ამოქმედებული მულტიკონცეფციური რესტორანი „რუსთაველი“ სტუმრებს ქართულ, ევროპულ და აზიურ სამზარეულოს კერძებს სთავაზობს. მისი კონცეფციური მრავალფეროვნებიდან გამომდინარე რესტორანი 8 განსხვავებულ სივრცეს: მთავარი დარბაზი, კლასიკური დარბაზი, ლიტერატურული და აზიური სივრცე, ლაუნჯ და სიგარა ბარი, მარანი და ქართული ეზოს მოიცავს. კომპანიის მენეჯმენტში ამბობენ, რომ ახალი რესტორანი ბათუმს ტურისტულად აუთვისებელ ნაწილში მდებარეობს, თუმცა მისი განსხვავებული კონცეფცია და ნიშურობა, მის უნიკალურობას ქმნის და ქალაქის ურბანიზაციის ხელშემწყობია. დღეს რესტორანი „რუსთაველი“ 182 სამუშაო ადგილს ქმნის და ოპერირების სატესტო რეჟიმის მიუხედავად სრული დატვირთვით მუშაობს.

რესტორნის კონცეფციაზე, მიზნებზე, შეთავაზებებსა და გეგმებზე "NBN ჯგუფის" თანადამფუძნებელმა ნიკა ჯიმშერაძემ BM.GE-სთან ინტერვიუში ისაუბრა.





- საქართველოში მასპინძლობის სფეროში საკმაოდ კონკურენტული გარემოა და ბაზარი სხვადასხვა ტიპის კვების ობიექტებითაა გაჯერებული. NBN ჯგუფს ამ მიმართულებით რესტორან „ფიროსმანის“ მართვის გამოცდილებაც აქვს, შესაბამისად კარგად იცნობთ ბაზარსა და ტენდენციებს. აქედან გამომდინარე, როდის და რატომ გაჩნდა კიდევ ერთი რესტორნის „რუსთაველის“ გახსნის ინტერესი?

სწორად შენიშნეთ, ამ მიმართულებით რესტორნის მართვის გამოცდილება გვაქვს და ამიტომ თავდაპირველად, რესტორან “ფიროსმანის” ფილიალის გახსნაზე ვფიქრობდით, თუმცა რადგან ვთლით, რომ ბაზარზე მრავალფეროვნების ნაკლებობაა, პრემიუმ კლასის რესტორნები არ იყო, რაც კაფეებისა და ბარების მიმართ ინვესტორთა ინტერესით იყო განპირობებული, 4 წლის წინ გაჩნდა იდეა, სტუმრებისთვის, ტურისტებისა თუ ვიზიტორებისთვის, მაღალი კლასის ე.წ. “Fine Dining” მიმართულება შეგვეთავაზებინა, რომელიც ძალიან მოთხოვნადი იყო და არის.

- ახალი რესტორანი ბათუმში გიორგი ბრწყინვალის ქუჩაზე მდებარეობს. რატომ შეარჩიეთ ეს ლოკაცია?

რესტორანი სატესტო რეჟიმში 4 თებერვალს გაიხსნა და დღეისთვისაც ამ რეჟიმით ვოპერირებთ, რადგან ოფიციალურ გახსნამდე გვსურს სრულად აღმოვფხვრათ ის ხარვეზები, რომლებიც ახლადგახსნილ ობიექტების სამუშაო პროცესს ახლავს თან.
რაც შეეხება ადგილს, „რუსთაველის“ ლოკაცია განსხვავებულია, რადგან ის ბათუმის ტურისტულად ჯერ კიდევ აუთვისებელ ნაწილში მდებარეობს. სწორედ ეს ნიშა ქმნის მის უნიკალურობას, რომელიც ასევე ქალაქის ურბანიზაციასაც უწყობს ხელს.

- თქვენი ჯგუფის ფარგლებში როგორ აფასებთ სარესტორნო ბიზნესის განვითარებას?

მოგეხსენებათ, "NBN ჯგუფს" ბათუმში რესტორნებისა და სასტუმროს მართვის დიდი გამოცდილება აქვს, ამიტომ ვფიქრობ, რეგიონის მასშტაბით გასტრონომიული კულტურის დახვეწასა და განვითარებაში უკვე ძალიან დიდი წვლილი გვაქვს შეტანილი. ამას 13-წლიანი გამოცდილება მოწმობს, რომელიც რესტორანმა „ფიროსმანი“ მოგვცა. ეს რესტორანი როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ გურმანებს შორის ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს.

რესტორნების „რუსთაველის“, „ფიროსმანის“ და მიტანის სერვისის კომპანია „ვონკას“ წარმატებული პოზიციონირების პროგნოზები კი შესაძლებლობას გვაძლევს ვთქვათ, რომ ჩვენი ოპერირება ბაზარზე, სარესტორნო სფეროს განვითარებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.

- ახალ რესტორანს რომ დავუბრუნდეთ, უფრო მეტი გვიამბეთ რესტორნის კონცეფციაზე - რით გამოირჩევა ის და რას სთავაზობთ სტუმრებს?

რესტორანი „რუსთაველი“ ქართული კულტურისა და გასტრონომიის უნიკალურობის და მრავალფეროვნების ყველა მთავარი ელემენტის წარმოჩენას ემსახურება. ის მულტიკონცეფციური რესტორანია, რომელიც სტუმრებს სხვადასხვა ტიპის გასტრონომიულ გამოცდილებას და კულტურის მრავალფეროვნების გაზიარებას სთავაზობს. ამისთვის რესტორნის ტერიტორიაზე განსხვავებული თემატური სივრცეებია შექმნილი: რუსთაველის მთავარი დარბაზი, წვეულებათა დარბაზი, მარანი, ქართული ეზო, ლაუნჯბარი, აზიური, სიგარა ბარი და ლიტერატურული სივრცე. სტუმრებს დღის ნებისმიერ მონაკვეთში ჩვენთან მოსვლისა და გასტრონომიულ შედევრების დაგემოვნების შესაძლებლობა აქვთ, რომელსაც ჩვენი შეფები და მზარეულები განსხვავებული ინტერპრეტაციებით წარმოგვიდგენენ.

რესტორანი სტუმართმოყვარეობის ბაზარზე ერთგვარი ნოუჰაუა და ეს სიახლე, რა თქმა უნდა, მომსახურების ხარისხთან ერთად, წარმატებული პოზიციონირებისთვის მთავარი ელემენტია.

- ამბობთ, რომ რესტორანში სტუმრებს სასურველი სივრცის არჩევის შეთავაზება აქვთ და ამ სივრცეების რაოდენობა არც ისე ცოტაა. რით გამოირჩევა თითოეული სივრცე და რამდენი სტუმრის მიღება შეუძლია რესტორანს?

როგორც აღვნიშნე, რესტორანი მრავალკონცეფციური აუთლეთებითაა წარმოდგენილი, გიამბობთ რამდენიმე მათგანის შესახებ სულ მცირედს: რუსთაველის დარბაზის სივრცე 180 პერსონაზე გათვლილი. თანამედროვე ინტერიერი „ვეფხისტყაოსნის“ მოტივებით არის შთაგონებული; თინათინის დარბაზი - კლასიკურ სტილში შესრულებული დახვეწილი ინტერიერის არის. ის სტუმრებს იზიდავს და წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს. გათვლილია 100 პერსონაზე; მარანი - იდეალური ადგილი თუ კი ქართული სუფრისა და მარნის გამოცდილების მიღება ტრადიციულ და ავთენტურ გარემოში გსურთ; აქვე შეგიძლიათ ისარგებლოთ ღვინისა და ჭაჭის დეგუსტაციის სერვისით და შეიძინოთ ადგილზე ხელმისაწვდომი პროდუქცია. ქართული ეზო - თბილისურ სტილში შესრულებული ტერასაა, რომელიც ღია ტიპის სამზარეულოთია წარმოდგენილი, სადაც მაყალი, თონის პური და სხვა ცომეული მზადდება; ეს არის ერთგვარი სივრცე კულინარიის მოყვარულთათვის, რათა მზადების პროცესით დატკბნენ.

- რესტორანი ახალი გახსნილია. როგორია ინტერესი მის მიმართ და დატვირთვა?

სიახლე ყოველთვის მიმზიდველი და ინტერესის გამომწვევია, თანაც როდესაც ერთმანეთს მიმზიდველი ექსტერიერი, დახვეწილი ინტერიერი, მრავალფეროვანი სამზარეულო, ყოველ საღამოს ცოცხალი მუსიკა და გართობა ერწყმის. თითქმის ყოველ დღე, რესტორანი სრულად იტვირთება. გამომდინარე იქიდან, რომ ყველა სტუმრის რჩევა, კომენტარი თუ შენიშვნა ძალზედ მნიშვნელოვანია, შემუშავებული გეგმა "ფიდბექების" მიღების, შესაძლებლობას გვაძლევს ვთქვათ, რომ ბაზარზე ჩვენი საკმაოდ მაღალი თამასა დავსვით.

- მიუხედავად იმისა, რომ რესტორანი „რუსთაველი“ ახალი გახსნილია, როგორც ამბობთ ის უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს, აქედან გამომდინარე ბათუმში ან ქვეყნის სხვა ქალაქებში „რუსთაველის" ახალ ფილიალებს ხომ არ უნდა ველოდოთ?

„NBN ჯგუფის“ გეგმა ძალიან ბევრ, მრავალფეროვან და საინტერესო პროექტებს მოიცავს, რომელიც ამ ეტაპზე აჭარის რეგიონზე ვრცელდება. თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენი გეგმა მრავალფეროვანია და აჭარის რეგიონთან ერთად სხვა რეგიონების დაფარვას მოიცავს, რაც ჩვენი აზრით სექტორის და შრომის ბაზრის განვითარებას შეუწყობს ხელს.