მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმში სასტუმროების 28.6%-ს ჯავშნები სრულად გაუუქმდა - "Cushman & Wakefield"

5ebf8f7d928db
ვიქტორია მღებრიშვილი
16.05.20 12:36
1625
სასტუმროების სექტორზე პანდემიის გავლენის შესაფასებლად უძრავი ქონების საკონსულტაციო კომპანია "Cushman & Wakefield"-მა ბათუმის მასშტაბით სასტუმროების მეპატრონეების და ოპერატორების გამოკითხვა ჩაატარა.

როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ მიმოხილვაშია აღნიშნული. კვლევა ჩატარდა მაისის პირველ კვირაში და მოიცვა როგორც ბრენდული, ისე არაბრენდული სასტუმროები.

კვლევის მიხედვით, განთავსების საშუალებების კვლევაში მონაწილეობის გამოხმაურების მაჩვენებელი შეადგენდა 37%-ს. გამოკითხული სასტუმროების იდენტიფიცირება მოხდა მიზნობრივი შერჩევის მეთოდით.

აჭარის რეგიონში კოვიდ-19-ით ინფიცირების პირველი შემთხვევა 2020 წლის 7 აპრილს სწორედ ბათუმში დადასტურდა. მიუხედავად იმისა, რომ თბილისისგან განსხვავებით, აჭარის რეგიონში პირველი შემთხვევა აპრილში გამოვლინდა, ქვეყნის საერთო ეპიდ-სიტუაციამ მნიშვნელოვნად იმოქმედა ბათუმის სასტუმროების ჯავშნებზე.

„ჯავშნების გაუქმებების პირველი ტალღა მარტის პირველი კვირიდან დაიწყო. ეს სწორედ ის პერიოდია, როდესაც საქართველოს და მის მეზობელ ქვეყნებში ფიქსირდება COVID ინფიცირების მკვეთრი ზრდა. ამას მოჰყვა მარტის შუა რიცხვებიდან ჯავშნების მასიური გაუქმება, რაც უკვე უკავშირდება პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში არსებულ ეპიდემიურ სიტუაციას.
დღეის მდგომარეობით, გამოკითხული სასტუმროების 42.9%-ს ჯავშნები ივლისის თვემდე აქვს გაუქმებული, ხოლო მათი 28.6% სტუმრებს პირველ აგვისტომდე არ ელოდება. ამ სასტუმროების წარმომადგენელთა ვარაუდით, შესაძლებელია, ახლო მომავალში დარჩენილი ჯავშნების დიდი ნაწილიც გაუქმდეს. სამწუხაროდ, განთავსების საშუალებების 28.6%-მა ვერ შეძლო ვერცერთი ჯავშნის შენარჩუნება“, - ნათქვამია კვლევაში.

აღსანიშნავია ის, რომ ბათუმის განთავსების საშუალებების ბაზარი მჭირდოდ თანამშრომლობს ქვეყნის საზღვრებს გარეთ არსებულ ტურისტულ სააგენტოებთან და მათი ჯავშნების უდიდესი წილი სწორედ ასეთი სააგენტოებიდან მოდის.

„დღეისათვის ბათუმში დახურულია ყველა ის სასტუმრო, რომელიც არ არის ჩართული საკარანტინო რეჟიმში. ბოლო ინფორმაცით, ქალაქ ბათუმში 2018 წლისათვის ოპერირებდა 232 სასტუმრო და სასტუმროს ტიპის დაწესებულება, რომლებშიც ადგილების საერთო რაოდენობა აღემატებოდა 13,200-ს. ამ დროისთვის, საკარანტინო რეჟიმში ჩართულია და შესაბამისად, ფუნქციონირებას აგრძელებს 18 სასტუმრო, რაც მთლიანი სექტორის მხოლოდ 8%-ს წარმოადგენს”, - ნათქვამია კომპანიის მიერ ჩატარებულ კვლევის შედეგებში.

“Cushman & Wakefield” ცნობით, 2019 წელს ბათუმში უცხოელი ვიზიტორების რაოდენობამ უმაღლეს ისტორიულ ნიშნულს მიაღწია. თუკი 2018 წელს ბათუმის უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა შეადგენდა 1 671 170-ს, 2019 წელს ეს რიცხვი 1 819 130-მდე გაიზარდა. რაც შეეხება შიდა ტურიზმს, დასვენებისა და გართობის მიზნით, გასულ წელს საქართველოს მოსახლეობის 9,8% (1,401,766) ესტუმრა ბათუმს, რაც 2018 წლის მაჩვენებელთან შედარებით (1 278 784 შიდა ტურისტი) 8,8%-იან ზრდას ნიშნავს.