მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმში Ska Juice Bar-მა პირველი ობიექტი გახსნა - ინვესტიცია $150 000-მდეა

62ab1cfd21068
ვიქტორია მღებრიშვილი
16.06.22 21:00
1576
ნატურალური წვენებისა და სმუზების ბარი Ska Juice Bar-ი თბილისის საზღვრებს გასცდა და ბათუმში პირველი ფილიალი გახსნა. ეს კომპანიის ქვეყნის მასშტაბით გაფართოების პირველი ნაბიჯია.

Ska Juice Bar-ის დირექტორი გიორგი ტალახაძე BM.GE-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ Ska-ს პირველი ობიექტი თბილისში, 2019 წლის აგვისტოში გაიხსნა და სამი წლის შემდეგ მათ თბილისის გარეთ - ბათუმში პირველი ობიექტის გახსნაც შეძლეს.

„ბათუმის ფილიალის გახსნა ჩვენთვის, თბილისიდან გასვლის გამოცდილებაა, მიუხედავად იმისა, რომ გაფართოება ქვეყნის მასშტაბით ხდება, ეს ჩვენთვის მაინც გამოწვევებთან იყო დაკავშირებული, რომელიც გადავლახეთ. შედეგად, დღეს უკვე ზღვისპირა ქალაქში გვაქვს პირველი ფილიალი თავისი წარმოებით, რომელიც დაახლოებით 100 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული. ფილიალში სრულად 20 ადამიანამდე დასაქმდება. ბათუმის Ska Juice Bar მომხმარებელს იმავე პროდუქტსა და სერვისს შესთავაზებს, რაც თბილისში გვაქვს. ეს კი ჯანსაღ საკვებს, წვენებსა და სმუზებს მოიცავს“, - ამბობს გიორგი ტალახაძე.

კომპანიის ხელმძღვანელი იმასაც ამბობს, რომ Ska Juice Bar ბათუმში კიდევ ორი ფილიალის გახსნას გეგმავს, თუმცა ამ გეგმის განხორციელება მომდევნო წლისთვის განიხილება.

„ბათუმში ასევე 2 ობიექტის დამატება გვინდა, თუმცა ყველაფერი გადაწყვეტით ზამთრის შემდეგ გვეცოდინება. ზამთარში მომხმარებლის ნაკლებობაა, თუმცა ბათუმში ძალიან ბევრი უცხოელი ცხოვრობს, რომლებიც Ska-ს კონცეფციის ბარების მომხმარებლები არიან. ამიტომ 2023 წელს გადაწყდება სად გავხსნით ბათუმში ახალ ობიექტებს“, - უთხრა BM.GE-ის Ska Juice Bar-ის დირექტორმა.