მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმში ხშირ შემთხვევაში ნებართვები უკვე აშენებულ შენობებზე გაიცემა – აუდიტი

5ed15f13b468c
თამთა ჯიჯავაძე
29.05.20 23:45
1026
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ქ. ბათუმის მერიის მიერ მშენებლობის ნებართვის გაცემისა და მშენებლობის სახელმწიფო ზედამხედველობის საქმიანობის 2016−2018 წლების შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა. აუდიტის შედეგად გამოვლინდა არაერთი ხარვეზი, რომელიც აუდიტმა ანგარიშში შეაჯამა.

კერძოდ, დოკუმენტის მიხედვით, მერიის შესაბამისი პასუხისმგებელი პირების მიერ არ ხორციელდება ქალაქის ტერიტორიაზე უკანონო (უნებართვო) მშენებლობების შეჩერება და აღმოფხვრა, ხოლო რიგ შემთხვევებში, ნებართვები უკვე აშენებულ შენობებზე გაიცემა.

ამასთან, ბათუმის მერიამ არ გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, მიწის ნაკვეთზე მზიდი კონსტრუქციებით უკანონოდ აშენებული შენობა-ნაგებობების დემონტაჟზე. ხოლო, სხვადასხვა პირის მიერ კვლავ გრძელდება უნებართოდ აშენებული შენობებით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის დაკავება და სარგებლობა, რაც შესაძლოა მუნიციპალიტეტის ინტერესების საზიანოდ, შესაბამისი პასუხისმგებელი პირების მიერ არამართლზომიერ ქმედებებთან იყოს დაკავშირებული.

აუდიტის დასკვნით, ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ ქალაქის ტერიტორიაზე სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის შემოღებისა და მისი გადახდის შესახებ მიღებული დადგენილება ურთიერთშეუსაბამო ნორმებს შეიცავს, რომელთა გამოყენებითაც ბიუჯეტმა დაკარგა დამატებითი შემოსავლის მიღების შესაძლებლობა, რაც შესაძლოა კერძო სუბიექტების ინტერესების სასარგებლოდ არამართლზომიერ ქმედებებთან იყოს დაკავშირებული. "ამასთანავე, ქალაქ ბათუმის მერიაში
არსებული შიდა კონტროლის სისტემა ვერ უზრუნველყოფს ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის ზუსტ დაანგარიშებას, დროულ გადახდას და სათანადო აღრიცხვას", – წერია ანგარიშში.

აუდიტის სამსახურმა ასევე დაადგინა, რომ ქალაქ ბათუმში ერთსა და იმავე ტერიტორიულ ზონაში, სადაც დადგენილი მიწის ნორმატიული ფასი საერთოა და სადაც ბოლო წლებში ქალაქ ბათუმში მრავალსართულიანი შენობების მშენებლობისადმი ინტერესი მაღალია, განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის ზრდისათვის არ იყო განსაზღვრული მოსაკრებელი, რომლის არსებობის შემთხვევაში, ბიუჯეტს ექნებოდა დამატებითი შემოსავლის მიღების შესაძლებლობა.

"ამასთანავე, რიგ შემთხვევებში, დაუსაბუთებულია კ-2 კოეფიციენტის ზრდასთან დაკავშირებული უარყოფითი გადაწყვეტილებები", – წერს აუდიტი.

დოკუმენტში საუბარია მშენებლობის ნებართვებზეც და აღნიშნულია, რომ ამასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება განხორციელებულია არაერთგვაროვანი მიდგომით, კანონით დადგენილი
ვადების დარღვევით, რაც წარმოშობს მაძიებელთა მოთხოვნის სუბიექტური განხილვის და არამართლზომიერი ქმედების რისკებს.

აუდიტის ანგარიშში მოყვანილია კონკრეტული მაგალითებიც და ასევე რეკომენდაციებიც.