მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ბათუმში ყველა ობიექტი ღიაა და არავინ აკონტროლებს ადამიანების რაოდენობას“ - Sector 26

60f70effc2da7
მარიამ ადამია
21.07.21 00:00
1343
ბათუმში მდებარე ღამის კლუბმა, Sector 26-მა, გასულ კვირას პრემიერ-მინისტრს თხოვნით მიმართა, რომ ობიექტების: New soho-ს და MONO HALL Batumi-ის გახსნის უფლება მიეცეს. როგორც Sector 26-ი „ფეისბუქზე“ წერს, პერსონალის 80%-ზე მეტი უკვე აცრილი ჰყავთ და ელოდებიან მუშაობის განახლებას.

თუმცა, როგორც ღამის კლუბის დირექტორი, ედუარდ ელოშვილი, გადაცემა “საქმიან დილაში” საუბრობს, კომუნიკაცია საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან ჯერჯერობით არ შემდგარა და იმედს გამოთქვამენ, რომ აგვისტოში მაინც მიეცემათ საშუალება ერთი თვით მუშაობა განაახლონ.

“წინა წელს მთელი ღამე ამუშავებდნენ კლუბებს და სარესტორნო დაწესებულებებს და ეს იყო კოვიდ-აფეთქების მიზეზი, წელს კვების ობიექტებს 12 საათამდე აქვთ მუშაობის უფლება, თუმცა ღამის კლუბებს მაინც არ გვაძლევენ მუშაობის საშუალებას. ჩვენ ისიც შევთავაზეთ, რომ შეგვიძლია სარესტორნო ბიზნესზე გადაწყობა და ვიმუშავებთ დანარჩენების მსგავსად 12 საათამდე ყველა რეგულაციის დაცვით, თუმცა პასუხი არ არ მიგვიღია,” - აღნიშნა Sector 26-ის დირექტორმა, ედუარდ ელოშვილმა.

მისი თქმით, დაინტერესება მომხმარებლების მხრიდანაც არის, რადგან დასვენებასთან ერთად, ბათუმში ადამიანები გასართობადაც არიან ჩასული.

„ბათუმში ყველა ობიექტი და რესტორანი ღიაა და ფუნქციონირებს. არავინ აკონტროლებს ადამიანების რაოდენობას, ამიტომ გაუგებარია თუ რატომ არის 3-4 კლუბზე შეზღუდვა და რატომ არ გვაძლევენ მუშაობის საშუალებას, მითუმეტეს ვამბობთ, რომ დავიცავთ ყველა რეგულაციას. ამ დროს კი ჩვენი ზარალი ყოველდღიურად იზრდება, დღეს დაახლოებით 100 ათას ლარზეა საუბარი და ეს მაჩვენებელი კიდევ გაიზრდება,” - აღნიშნა ელოშვილმა.

რაც შეეხება ფასებს, ღამის კლუბის დირექტორი ამბობს, რომ ობიექტებზე ღირებულება მიზერულად მოიმატებს, ხოლო line-up სრულად ქართულ შემსრულებლებზე იქნება მორგებული.

ცნობისთვის, ჯერჯერობით ღამის კლუბებზე შეზღუდვა მოხსნილი არაა. ხოლო გასული წლის სექტემბრის დასაწყისში შრომის ინსპექციის გადაწყვეტილებით, ბათუმში ოთხი ღამის კლუბი დაიხურა და ათი ათას-ლარიანი ჯარიმაც დაეკისრათ. სწორედ მათ შორის იყო "სექტორი", "სოჰო", "კონტე" და UP2U. შრომის ინსპექციაში მაშინ განმარტეს, რომ კლუბებმა პანდემიის დროს დაწესებული უსაფრთხოების წესები დაარღვიეს.