30.ნოემბერი .2022 10:10

ბავშვის ტანსაცმლის ქართული ბრენდი „ლიმო“ Amazon-ზეა

ბავშვის ტანსაცმლის ქართული ბრენდი „ლიმო“ Amazon-ზეა
views 447
უკან

ბავშვის ტანსაცმლის ქართული ბრენდის „ლიმოს“ პროდუქცია Amazon-ზე იყიდება. როგორც მისმა დამფუძნებელმა, ნინო გიორგაძემ გადაცემაში „ქალების ნარატივი“ თქვა, „ლიმოს“ ტანსაცმელი ექსპორტზე სამ ქვეყანაში გადის.

"„ლიმომ“ ძალიან მოკლე დროში მიაღწია ბევრ წარმატებას სხვადასხვა ორგანიზაციის, ასევე სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით. მონაწილეობას ვიღებთ საერთაშორისო გამოფენებში და ექსპორტზე ვართ სამ ქვეყანაში: სომხეთში, შვედეთსა და საფრანგეთში. ახლა უკვე ჩვენი პროდუქცია იყიდება ამერიკულ Amazon-ზეც. ჩვენი პროდუქციის შეძენა შესაძლებელია ონლაინ, „ფეისბუქისა“ და „ინსტაგრამის“ გვერდების საშუალებით, ასევე სოციალურ საწარმოთა ალიანსის მაღაზიაში „ესკი“, - ამბობს დამფუძნებელი.

„ლიმო“ უკვე ორი წელია ბაზარზე არსებობს და სხვა ბრენდებისგან სამოსზე დატანილი ნაქარგები გამოარჩევს. ნინო გიორგობიანი ამბობს, რომ დაქარგული გამოსახულებები ხელს უწყობს ბავშვის კოგნიტურ განვითარებას.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, უახლოეს მომავალში „ლიმოს“ პროდუქციის შეძენა „გლდანი მოლშიც“ შესაძლებელი გახდება. ასევე, იგეგმება თანამშრომლების რაოდენობის გაზრდა.

„გვაქვს მნიშვნელოვანი ზრდა როგორც საექსპორტო, ასევე ადგილობრივ ბაზარზე. გვაქვს ბევრი კორპორაციული შეკვეთა, ახლა უკვე ვიცვლით საწარმოო შენობასაც. ჩვენთან 24 სხვადასხვა სოციალური საჭიროების მქონე ქალი მუშაობს. იანვრიდან ვამატებთ რვა ახალ სამუშაო ადგილს“, - თქვა ნინო გიორგაძემ.