მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ბაზალტ ფაიბერსი“ წელს გაყიდვების 20-30%-იან ზრდას პროგნოზირებს - კომპანიის დირექტორი

5f23d871eb7a1
ვიქტორია მღებრიშვილი
31.07.20 22:39
1481
კომპანია „ბაზალტ ფაიბერსი“, რომელიც ბაზალტის ქვიდან, ძაფსა და შემდგომ სამშენებლო და კომპოზიტური მასალებს აწარმოებს, მიმდინარე წელს პანდემიის მიუხედავად, გაყიდვების გაზრდას ელის - ამის შესახებ BM.GE-ის კომპანიის დირექტორმა ივერი ქუცნაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, კომპანიის წარმადობა და გაყიდვები წლიურად 60%-ით იზრდება, თუმცა პანდემიის გამო ეს ზრდა შენელდა და 2020 წელს „ბაზალტ ფაიბერსი“ გაყიდვების 20%-30%-მდე ზრდას ელის.

„2020 წელს დაგეგმილი გვქონდა უფრო სწრაფი ზრდა, დაახლოებით 200%-ით, თუმცა არსებულმა მდგომარეობამ ჩვენი აქტივობა შეანელა. შარშან ჩვენი გაყიდვების მოცულობა 2.4 მლნ ლარი იყო, რაც წელს ვფიქრობთ, რომ 20%-30%-ით გაიზრდება“, - აღნიშნა „ბაზალტ ფაიბერსის“ დირექტორმა.

მათი საქმიანობის შენელების მთავარ ფაქტორებზე საუბრისას ივერი ქუცნაშვილი სამშენებლო პროექტების შენელებას ასახელებს.

„ზრდის შენელება პანდემიიდან გამომდინარე სამშენებლო პროექტების შეფერხებამ გამოიწვია. მაგრამ ჩვენ იმან გვიშველა, რომ ბაზარზე ძალიან სწრაფად მზარდი პენეტრაცია გვაქვს, იმ უპირატესობების გამო რაც ჩვენი წარმოების პროდუქტებს აქვს, აქედან გამომდინარე გავლენა ჩვენზეც აისახა, მაგრამ ასე ვთქვათ ზრდის ტემპი შეგვიმცირა“, - განაცხადა ივერი ქუცნაშვილმა.

კომპანიის დირექტორი ამბობს, რომ პანდემიის პერიოდში ქარხნისთვის მთავარ გამოწვევა საწარმოო ხაზების გაჩერება იყო.

„ჩვენი წარმოების საფუძველი არის ქვის დნობა ღუმელში და შემდგომ ძაფის წარმოება, რისგანაც მზადდება შემდგომი პროდუქტები, ეს არის შეუქცევადი პროცესი და ღუმელს ადვილად ვერ გააჩერებ და ვერ ჩართავ, ამისთვის გარკვეული დროა საჭირო. საგანგებო მდგომარეობის დაწესებისას ეს იყო უმთავრესი გამოწვევა. გადაადგილების შეზღუდვის შემდეგ და წარმოება შეიზღუდა. თუმცა, იმისთვის რომ ჩვენი ნაკისრი ვალდებულებები შეგვესრულებინა, პრაქტიკულად წარმოება არ შეგვიჩერებია“, - აღნიშნა „ბაზალტ ფაიბერსის“ დირექტორმა.

კითხვას - რამდენით შემცირდა წარმოება ამ პერიოდში ივერი ქუცნაშვილი პასუხობს: „ჩვენ დაახლოებით 10 სახის პროდუქტს ვაწარმოებთ და ასე თქმა რთულია, რაღაც ნაწილში შენელდა, რაღაც ნაწილის წარმოება დროებით შეჩერდა, თუმცა ჩვენ მალევე ავამოქმედეთ საწარმო სრულად“.

„ბაზალტ ფაიბერსი“ საქართველოს სამშენებლო და კომპოზიტური მასალების მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც ბაზარზე 2000 წლიდან ოპერირებს. როგორც საწარმოში ამბობენ, კომპანია ქართული და ამავე დროს ინოვაციური ტექნოლოგიებით ბაზალტის ქვის დნობის შედეგად აწარმოებს ძაფს, რომლითაც ქარხანაში დღეისთვის 10 სახეობის პროდუქტი მზადდება: არმატურის ბადეები, გეოგრიდები - გეობადეები, ქეჩა, დარილი ბოჭკო და ა.შ.