29.ივლისი .2020 22:00

ბაზარზე ახალი ქართული ნატურალური დეოდორანტი „დაე“ გამოჩნდა

views 735
უკან

ქართულ ბაზარზე დაახლოებით ერთი თვის წინ ახალი პროდუქტი, ქართული ხელნაკეთი დეოდორანტი „დაე“ გამოჩნდა.

როგორც სტარტაპერი ნინიკო ბიწაძე BM.GE-სთან საუბრისას აღნიშნავს მისი შექმნილი დეოდორანტი 100%-ით ნატურალური ინგრედიენტებისგან შედგება, კვებავს კანს ვიტამინებით, აძლევს ფორებს სუნთქვის საშუალებას და ზაფხულის ცხელ დღეებში არასასიამოვნო სუნისა და ჭარბი ოფლიანობისგან გიცავთ.

„ახალი პროდუქტის შექმნის იდეა დაახლოებით 1 წლის წინ, ინდოეთში მოგზაურობისას გამიჩნდა, სადაც ერთმა გოგომ მასწავლა როგორ დამემზადებინა დეოდორანტებს ბუნებრივი პროდუქტებით. ამის შემდეგ დავიწყე ძიება როგორ შეიძლებოდა ნატურალური პროდუქტის შექმნა. პანდემიის დაწყებამდე დავიწყე ლოგოზე და შეფუთვაზე ფიქრი, თუმცა შემდგომში პანდემიამ გეგმების განხორციელებაში მცირედით შეგვიშალა ხელი. საგანგებო მდგომარეობის მოხსნის შემდეგ საკუთარი ფინანსური რესურსით - დაახლოებით 200 ლარი იყო, პირველი სატესტო პროდუქტი ვაწარმოე და მეგობრებსა და ახლობლებში გავავრცელე. ეფექტი იმდენად კარგი ჰქონდა და მე თვითონაც ისეთი კმაყოფილი დავრჩი, რომ გადავწყვიტე უფრო დიდი მოცულობით დამემზადებინა, რისთვისაც დაახლოებით 500 ლარის რესურსი ჩავდე იმისთვის, რომ საზღვარგარეთიდან საჭირო ინგრედიენტები ჩამომეტანა.

პირველი საცდელი წარმოების შემდეგ პროდუქტი 150 ცალამდე 50-მილიგრამიანი შეფუთვით გამოვუშვით და მისი გაყიდვა ონლაინ და ასევე ვინტაჟურ მაღაზია „ვინტილატორსა“ და ბარბერშოპ „კამორაში“ დავიწყეთ“, - ყვება დეოდორანტის შემქმნელი ნინიკო ბიწაძე.

მიუხედავად იმისა რომ ბაზარზე ადგიობრივი წარმოების დეოდორანტები არის, „დაეს“ შემქმნელი ფიქრობს, რომ პროდუქტი თავისი თვისებებით და ეფექტურობით გამორჩეულია და იმ სეგმენტზეა გათვლილი, ვინც უპირატესობას ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებს ანიჭებს.

ქოქოსის ზეთი, შიის კარაქი, მცენარეული ფხვნილი, ფუტკრის ცვილი, ჩაის ხის ზეთი, ლავანდის ზეთი, საკვები სოდა, ვიტამინი E - ეს ის კომპონენტებია, რომლითაც "დაე" იქმნება და როგორც ნინიკო ბიწაძე ამბობს: "დაე" არ შეიცავს რკინას, პარაბინს, ალუმინს და სხვა ქიმიურ ნივთიერებებს, შესაბამისად, ყოველდღიური გამოყენებისთვის სრულიად ჯანსაღი პროდუქტია. არის ანტიალერგიული და არ აქვს გვერდითი ეფექტები“.

მისივე თქმით, ახალ პროდუქტზე მოთხოვნა ნორმალურია და დღეისთვის ნაწარმოები 150 დეოდორანტისგან თითქმის მესამედი გაყიდულია.

ამ დროისთვის „დაეს“ დეოდორანტების წარმოებაზე მხოლოდ თვითონ არის დაკავებული, თუმცა, სტარტაპერი სულ მალე ბიზნესის გაფართოებას გეგმავს.

„რადგან მომხმარებელში მოთხოვნა პროდუქტზე დიდია, ვფიქრობთ, რომ „დაეს“ ბრენდის ქვეშ ბუნებრივი კომპონენტებით დამზადებული კბილის პასტის, ნატურალური შამპუნისა და ტანის საცხების წარმოება დავიწყოთ, რაც გაზრდის წარმოებას და დასაქმებულთა რაოდენობასაც“, - განაცხადა „დაეს“ შემქმნელმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა