14.იანვარი .2022 22:21

ბაზარზე ერთსა და იმავე შემადგენლობის მედიკამენტს სხვადასხვა ფასი აქვს, მოსახლეობამ ეს არ იცის - პაატა ლომაძე

ბაზარზე ერთსა და იმავე შემადგენლობის მედიკამენტს სხვადასხვა ფასი აქვს, მოსახლეობამ ეს არ იცის - პაატა ლომაძე
views 1560
უკან

საქართველოს მთავრობა ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობს, რომელიც, სავარაუდოდ, ბევრ სხვადასხვა საკითხს შეეხება, მათ შორის მედიკამენტების ფასებს, თურქეთის ბაზრის გახსნას, ჰოლდინგურ კომპანიებსა და სხვა. როგორც პრემიერ-მინისტრმა უკვე დააანონსა, ცვლილებები უახლოეს მომავალში მზად იქნება და პარლამენტს დასამტკიცებლად წარედგინება.

მოსალოდნელი ცვლილებები დღეს „ანალიტიკას“ ეთერში ელენე კვანჭილაშვილთან „ჯიპიაი ჰოლდინგის“ გენერალურმა დირექტორმა, პაატა ლომაძემ შეაფასა:

- პირველ რიგში მინდა გამოვეხმაურო კონკურენციის სააგენტოს კვლევას და რეკომენდაციებს. მე ვფიქრობ, ძალიან საინტერესო კვლევა და მიგნებები აქვთ და ძალიან საინტერესო რეკომენდაციები შეიმუშავეს. რეკომენდაციებს, განსაკუთრებით იმ ნაწილში, რაც ეხება სადაზღვევო კომპანიების როლის გაძლიერებას, მედიკამენტების მხრივ სწორი მენეჯმენტის კუთხით, მივესალმებით. ვფიქრობთ, რომ მოსახლეობას, რომელიც ჩართულია საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაში, უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ ასევე ჩაერთონ კერძო სადაზღვევო სისტემაში და შემავსებელი სადაზღვევო პოლისების შეძენის შესაძლებლობა ჰქონდეთ, რომლითაც სხვადასხვა დამატებითი ხარჯის ანაზღაურება შესაძლებელი იქნება.

- რაც შეეხება თურქეთთან ბაზრის გახსნის ინიციატივას...

- ნებისმიერი წყარო, საიდანაც შესაძლებელია, რომ ხელმისაწვდომი მედიკამენტების მოწოდება მოხდეს ქვეყანაში, უნდა გაიხსნას. ეს ავტომატურად აისახება იმ მედიკამენტების ფასებზე, რომელიც დღესდღეობით შეიძლება უფრო მაღალი ფასით იყოს წარმოდგენილი საქართველოში. ეს სადაზღვევო კომპანიების დანახარჯებზეც აისახება, მაგრამ აქ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ მედიკამენტის გამოწერის უფრო სწორი მართვა მოხდეს, ვსაუბრობ ჯენერიკული დასახელებებით დანიშნულებების გაცემაზე, რათა უშუალოდ მომხმარებელმა გადაწყვიტოს, რომელი ღირებულების მედიკამენტის შეძენა სურს. ვფიქრობთ, ეს ძალიან შეამცირებს ჯიბიდან გადახდებს ჩვენი მოსახლეობისთვის.

- რამდენად მიღწევადია ეს გადაწყვეტა?

- ჩემი ღრმა რწმენით, ეს საკმაოდ რეალისტური ამოცანაა. ჩვენ, „ჯიპიაის“, მსგავსი სისტემა უკვე დანერგილი გვაქვს, ისე როგორც ალტერნატიული მედიკამენტის შეთავაზება ჩვენი პარტნიორი სამედიცინო დაწესებულების საშუალებით. ეს არ ვრცელდება მთელ ქვეყანაზე და ეხებათ მხოლოდ ჩვენს დაზღვეულებს. ახლა საუბარია, რომ მსგავსი სისტემები გავრცელდეს მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყველა სამედიცინო დაწესებულებაზე და ამ პოზიტიური ინიციატივით ისარგებლოს მთელმა საქართველომ. სრულიად მიღწევადად მიმაჩნია ამ ცვლილების გატარება, თუ შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებს ექნებათ ნება, რომ ეს დაინერგოს.

- მოქალაქეების მიერ მედიკამენტის არჩევა რატომ არის მნიშვნელოვანი?

- ეს მნიშვნელოვანია, რადგან დღესდღეობით ბაზარზე ერთი და იმავე ქიმიური შემადგენლობის მედიკამენტები წარმოდგენილია სხვადასხვა საფასო ნიშაში. არის ზუსტად იდენტური მედიკამენტები, რომელიც ღირს ძვირი, საშუალო ფასი და იაფი. მოსახლეობა არ არის ინფორმირებული ამაზე და მათ როგორც წესი, ენიშნებათ პოპულარული ბრენდული დასახელების მედიკამენტები. ხოლო, თუ ექიმი ჯენერიკს გამოწერს, ძალიან მარტივად გადაწყვეტს მომხმარებელი, რომელი მედიკამენტი შეიძინოს.

- რა უშლიდა ამას ხელს აქამდე? ან რა დოზით არის სადაზღვევო ექსპერტიზის ჩართვა, რომ არჩევანი უკეთესად იმართოს?

- ვფიქრობ, ეს ჯანდაცვის სპეციალისტების ჩართვით მოხდება და სადაზღვევო ექსპერტიზის ჩართვა აუცილებელი არ არის. გამოვლინდა ბევრი შემთხვევა, როცა არ ხდება ალტერნატიული მედიკამენტების შეთავაზება. ზუსტად აქედან გამომდინარე გასცა რეკომენდაცია კონკურენციის სააგენტომ, რომ სასურველია, ე.წ. ჯენერიკული დასახელებით მოხდეს სამედიცინო პერსონალის მიერ დანიშვნა და მინიმუმ სამი ალტერნატივის შეთავაზება უნდა მოხდეს სხვადასხვა საფასო სეგმენტით ადამიანისთვის.

- თუ არის დამატებითი ინიციატივები, შეთავაზებები, რაც შეიძლება სადაზღვევო სექტორიდან მოდიოდეს, რომ უფრო სწრაფად მოხდეს ამ ალტერნატივების გადატანა რეალობაში?

- ვფიქრობთ, ე.წ. შემავსებელი სადაზღვევო პროდუქტების შემოღება მისცემს საშუალებას ადამიანებს, დაფარონ მაღალანაზღაურებადი კვლევები და ა.შ. ჩვენი აზრით, ადამიანებს უნდა ჰქონდეთ არა კონკურენციის განცდა, ან კერძო სადაზღვევო ან სახელმწიფო დაზღვევა, არამედ გაცილებით უკეთესი შედეგი იქნება, მოქალაქეებმა მოახდინონ კომბინირება სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამასა და კერძო სადაზღვევო პაკეტს შორის. ჯერ ამ საკითხზე შეხვედრები არ გვქონია და არ ვიცით, ამ ეტაპზე ჯანდაცვის სამინისტრო რა პოზიციაზეა.