მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ბაზარზე სამშენებლო კომპანიების სერიოზული პრობლემაა“ - ილია წულაიას მოლოდინი

6332ddab538ad
თელარა გელანტია
27.09.22 22:00
1624
„ბაზარზე კვალიფიციური სამშენებლო კომპანიების სერიოზული პრობლემაა“ - ამის შესახებ დეველოპერული კომპანია „არქის“ დამფუძნებელმა ილია წულაიამ #რედაქტ2-თან ინტერვიუში უძრავი ქონების ბაზრის გამოწვევებზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ფაქტობრივად, სამშენებლო კომპანიების დეფიციტია. ილია წულაია არ გამორიცხავს, რომ ცარიელი ნიშა უცხოურმა კომპანიებმა დაიკავონ.



- კვალიფიციური სამშენებლო კომპანიები გამოწვევას ადრეც წარმოადგენდა, მაგრამ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გამწვავდა, რადგან ბევრი სამშენებლო სექტორში ბევრი ინვესტიცია შემოვიდა, მეტი ინვესტორი გამოჩნდა და პრობლემაც უფრო გამოჩნდა. ბაზარზე კვალიფიციური სამშენებლო კომპანიების და შესაბამისი კადრების სერიოზული პრობლემაა. ჩვენ ბევრი პროექტი გვაქვს და ძალიან გვიჭირს სამშენებლო კომპანიის შერჩევა... ზოგჯერ მიწაც ნაყიდი გვაქვს, სამშენებლო ნებართვაც გვაქვს, მაგრამ სწორედ სამშენებლო კომპანიების დეფიციტის გამო, ობიექტის დროულად აშენება დიდი გამოწვევაა. „არქიში“ პროექტის მენეჯერების და სამშენებლო მიმართულების, დაახლოებით, 25-კაციანი გუნდი გვყავს მობილიზებული, რომ დროულად დავასრულოთ ობიექტები.

- ზოგადად, სამშენებლო კომპანიების დეფიციტია თუ კვალიფიციური კომპანიების?

- ორივე - კომპანიებიც არ არიან და კვალიფიციურები - მითუმეტეს... არადა, დარგში ხელფასი 2 000 ლარამდეა.

- არ გიფიქრიათ, რომ სამშენებლო ბიზნესში შეხვიდეთ?.. როგორც ვიცი, ყოფილა შემთხვევები, როდესაც მსგავსი გამოწვევების გამო დეველოპერებს სამშენებლო მიმართულებაც განუვითარებია...

- 2006 წელს, „არქიმ“ მუშაობა დაიწყო როგორც სამშენებლო-დეველოპერულმა კომპანიამ, მაგრამ, დაახლოებით, 3-4 წელიწადში, პარტნიორებთან ერთად გადავწყვიტეთ, სამშენებლო ბიზნესიდან გავსულიყავით და დეველოპმენტზე ვკონცენტრირდით. ამდენად, არ მაქვს სურვილი უკან დავბრუნდე, მაგრამ ისე მიდის საქმე, შეიძლება მომიწიოს, თუმცა მირჩევნია, ბაზარზე კვალიფიციური სამშენებლო კომპანიები გამოჩნდნენ.

- როცა მოთხოვნაა, როგორ ფიქრობთ, რატომ არ ჩნდებიან?

- ალბათ გაჩნდებიან უცხოეთიდან... მაქვს მოლოდინი, რომ უახლოეს პერიოდში ჩვენი მეზობელი ან ახლოს მდებარე ქვეყნებიდან შემოვლენ სამშენებლო კომპანიები და ამ ნიშას დაიკავებენ.

- ჩემს კითხვას არ უპასუხეთ - ადგილზე რატომ არ ჩნდებიან სამშენებლო კომპანიები და სად არის გამოსავალი?

- ყველაფერს ვერ ვიტყვი...

- რატომ - მწარეა სიმართლე?

- რბილ ნაწილს ვიტყვი - რაღაცები ჩვენს კულტურაშიც არის... რაც შეეხება ობიექტურ მიზეზებს, აღსანიშნია ის, რომ მოსახლეობის ნაწილი, რომელსაც გარკვეული კვალიფიკაცია ჰქონდა სამშენებლო დარგში, პოლონეთსა და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებში, რომ უფრო უკეთესი სამსახური იშოვოს... იქ მშენებლობის სფეროში ხელფასები კი არის 800-1000 ევრო, მაგრამ ამდენის გამომუშავება კვალიფიციურ მუშა ხელს საქართველოშიც შეუძლია.

- ფაქტია, მაინც მიდიან...

- ალბათ ნაწილი ნელ-ნელა უკან დაბრუნდება... გარკვეული ციკლია, რომელსაც ქვეყნები გადიან ევროპასთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ...

- ან იქნებ პერსპექტივას ვერ ხედავენ ამ ქვეყანაში და მიდიან... უკრაინამ და მოლდოვამ მიიღეს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, ჩვენ - ჯერ ვერ... ხანდახან თითქოს მკაფიო არაა ვისკენაა საქართველო რუსეთ-უკრაინის ომში. შეიძლება ესეც ფაქტორია...

- ადამიანი თვითონ უნდა იყოს განწყობილი და თვითონ უნდა გრძნობდეს ვისკენ არის. მე, მაგალითად, რა თქმა უნდა, დასავლეთისკენ ვარ; მინდა, ევროპაში და ვიქნებით ევროპაში.

- ხელისუფლების წევრებს რომ მოუსმინოთ, ასეთი მკაფიო არის მათი განცხადებები?

- მაბრუნებთ ახლა პოლიტიკაში... (იღიმის)