მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბაზრობები არ იხსნება - რა პრეტენზიები აქვს მთავრობასთან „ელიავას ბაზრობის“ მეწილეს

5fe1f2e87e535
ვიქტორია მღებრიშვილი
22.12.20 17:35
2656
ელიავას ბაზრობის ერთ-ერთი მმართველი კომპანიის - „ჯითის“ დირექტორის თეა ანდრიაძის განცხადებით, მისთვის, როგორც ბაზრობის წარმომადგენლისთვის, მთავრობის მიერ შეზღუდვების მხოლოდ სავაჭრო მოლებისთვის მოხსნა, მოულოდნელი იყო.

„სიმართლე გითხრათ, რადგან ამბობდნენ, რომ ინფიცირების მაჩვენებელი ძალიან მაღალი იყო და გარდა ამისა, ევროპაში წინასაახალწლოდ, ფაქტობრივად, ყველაფერი დაიკეტა, ვფიქრობდი, რომ არც ბაზრობებს გახსნიდნენ და არც მოლებს“, - უთხრა BM.GE-ის ელიავას ბაზრობის ერთ-ერთმა მეწილემ თეა ანდრიაძემ.

ის მიიჩნევს, რომ თუ მოლებს დართეს გახსნის უფლება, გარკვეული შემსუბუქება ბაზრობებზეც უნდა გავრცელებულიყო. „არსებობს როგორც მაღაზიის ტიპის ბაზრობები, ასევე, არის დახლური ბაზრობები, რადგან მაღაზიებს ხსნიან, შესაძლებელია, მომხდარიყო დიფერენცირება, რომ ელიავას ბაზრობაზეც გახსნილიყო მაღაზიები და არ გახსნილიყო დახლები, რადგან ისინი უფრო მჭიდროდ არის განლაგებული ერთმანეთთან. ელიავაზე 90% მაღაზიებია, ხოლო 10% დახლები; ვფიქრობ, შეიძლებოდა, ამ მაღაზიების მფლობელებისთვის შეღავათი მიეცათ“, - აღნიშნავს თეა ანდრიაძე.

მისი შეფასებით, მოლების გახსნის გადაწყვეტილება ქვეყანაში ვირუსის გავრცელების საფრთხეს ზრდის და 15 იანვრიდან ყველანაირი ტიპის სავაჭრო ობიექტის გახსნას კითხვის ქვეშ აყენებს.

„როდესაც დახურეს ბაზრობები და მოლები, ვიცოდით, რომ მხოლოდ შაბათ-კვირაზე გავრცელდებოდა ეს შეზღუდვები, თუმცა მეორე დღეს თქვეს, რომ სრულად დაიკეტებოდა და დააანონსეს, რომ 24 დეკემბრიდან ყველაფერი გაიხსნებოდა, თუმცა მოახლოვდა შეზღუდვების მოხსნის თარიღიც და გვეუბნებიან, რომ ხსნიან მხოლოდ მოლებს და არ ხსნიან ბაზრობებს. მინდა გითხრათ, რომ დიდ დახურულ სივრცეში ვირუსი უფრო სწრაფად ვრცელდება. ამ შემთხვევაში მოლებში უნდა იყოს სპეციალური გამწოვები და ფილტრები, რათა ვირუსის გავრცელება არ მოხდეს. ჩვენ გვაქვს მოქალაქეობრივი შეგნება და უნდა გვესმოდეს, რომ მოლების გახსნით ვირუსის გავრცელების საფრთხე მატულობს და თუ ველით, რომ ბაზრობები 15 იანვარს გაიხსნება, შესაძლოა, ეს ასე არ მოხდეს და გახსნის პერიოდმა კიდევ გადაიწიოს“, - განაცხადა კომპანია „ჯითის“ დირექტორმა.

მისი თქმით, ელიავას ბაზრობის ტერიტორიას 11-მდე მეწილე ჰყავს და იქ 15 000-მდე ადამიანია დასაქმებული, ხოლო ბაზრობებზე ონლაინ-ვაჭრობის რიცხვი ძალიან მცირე, დაახლოებით, 3%-5%-ია.