06.ნოემბერი .2019 17:10

BBC-იმ საქართველოს ენერგეტიკის და კრიპტოვალუტების წარმოების შესახებ რეპორტაჟი მოამზადა

views 547
უკან

BBC-იმ საქართველოში კრიპტოვალუტის წარმოებასთან დაკავშირებით აუდიო რეპორტაჟი მოამზადა. გავლენიანი ბრიტანული გამოცემის ჟურნალისტი ედ ბატლერი ამ მიზნით ქვეყანაში ჩამოვიდა. მან მშენებარე ჰიდროელექტროსადგურები და კრიპტოვალუტის მწარმოებელი დატა ცენტრები მოინახულა, ესაუბრა ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას, ასევე, გაესაუბრა ადგილობრივ მოსახლეობას და გარემოს დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებს ჰიდრორესურსების წარმოების და კრიპტოვალუტების მოპოვების ზრდის თანმდევ რისკებზე.

ნათია თურნავამ BBC-ის ჟურნალისტთან ინტერვიუს დროს საქართველოს ეკონომიკურ პოტენციალზე გააკეთა აქცენტი, რომელიც ქვეყანას ელექტროენერგიის ექსპორტის კუთხით აქვს. მინისტრმა ელექტროენერგიის სფეროში განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებზეც ისაუბრა და განახლებადი ენერგიის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

"საქართველოში წარმოებული ენერგიის 80% განახლებადი ენერგიიდან, ჰიდროელექტროსადგურებიდან მომდინარეობს. გვაქვს საკმაოდ დიდი პოტენციალი, რაც ახალი ჰიდროენერგეტიკული პროექტების მშენებლობას უკავშირდება. ჩვენ რამდენიმე წლის წინ ევროპის ენერგო გაერთიანების წევრები გავხდით, ეს კი მეტი ინტეგრაციის შესაძლებლობას ქმნის. ვაკეთებთ საკმაოდ მსხვილ ინვესტიციებს გადამცემი ხაზების მოდერნიზებაში. ასევე არსებობს პროექტი დამონტაჟდეს მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზი შავ ზღვაზე, რომლითაც საქართველო ევროკავშირის ქვეყნებს პირდაპირ დაუკავშირდება", - აღნიშნა მინისტრმა.

ეკონომიკის მინისტრი ამბობს, რომ სახელმწიფოს მიზანს ენერგოპოტენციალის ათვისებასა და ქვეყნის ბუნებრივი მრავალფეროვნების შენარჩუნებას შორის სწორი ბალანსის დაცვა წარმოადგენს.

ედ ბატლერი აუდიო რეპორტაჟისთვის სვანეთსა და პანკისის ხეობაშიც იმყოფებოდა და მშენებარე ჰიდროელექტროსადგურის, ხადორი 3-ის ტერიტორია დაათვალიერა. ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით, ხადორი 3-ის მშენებლობა მათ ყოველდღიურ ცხოვრებასა და ზოგადად ხეობის თვითმყოფადობის შენარჩუნებაზე ნეგატიურ გავლენას მოახდენს. 

ჟურნალისტი თბილისის თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში BitFury-ის მიერ შექმნილ დატა ცენტრშიც იმყოფებოდა და კომპანიის დამფუძნებელ ვალერი ვავილოვსაც ესაუბრა. ვავილოვის განცხადებით, მან კრიპტოვალუტების წარმოებისთვის საქართველოზე არჩევანი ეფექტური საგადასახადო სისტემისა და განახლებადი ენერგიის ხელმისაწვდომობის გამო მიიღო. 

BBC-ის კითხვაზე, აქვს თუ არა კომპანიასთან რაიმე შეხება ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილს, ვალერი ვავილოვი პასუხობს, რომ ექს პრემიერს ბიზნესში წილი არ გააჩნია.

ამასთან, BBC-ისთან საუბარში ორგანიზაცია "მწვანე ალტერნატივის" წარმომადგენელი დავით ჭიპაშვილი ამბობს, რომ ქვეყანაში არ არსებობს ზუსტი სტატისტიკა იმის შესახებ თუ რამდენ ელექტროენერგიას მოიხმარენ კრიპტოვალუტის მწარმოებლები, თუმცა ეს მაჩვენებელი უკანასკნელი წლების განმავლობაში მაღალი ტემპით არის გაზრდილი. ჭიპაშვილის თქმით, ბიტკოინისა და სხვა ვირტუალური ვალუტების წარმოებაზე ქვეყნის ელექტრომოხმარების სავარაუდოდ, 10%-ზე მეტი იხარჯება. 

აუდიო რეპორტაჟი პანკისის რეგიონში სრულდება, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა ახალი ჰიდროენერგეტიკული პროექტების მშენებლობას აპროტესტებს.