06.ივლისი .2020 23:00

BBC: როგორ დაეხმარა „სამი მუშკეტერი“ საქართველოს კორონავირუსთან ბრძოლაში

views 1027
უკან

BBC-ი საქართველოს მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ გაწეული სამუშაოს შესახებ სტატიას აქვეყნებს სათაურით – „როგორ დაეხმარა "სამი მუშკეტერი" საქართველოს ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში".

სტატიაში საუბარია იმ ღონისძიებებზე, რის საფუძველზეც საქართველო ევროკავშირის იმ 15 არაწევრ ქვეყანას შორის მოხვდა, რომლებიც უსაფრთხოდ მიიჩნება და რომელთაც საზღვრებს უხსნიან.

როგორც ავტორი წერს, საქართველოში, სადაც 3,7 მლნ ადამიანი ცხოვრობს, კორონავირუსის 1000-ზე ნაკლები შემთხვევაა დაფიქსირებული და გარდაცვლილია 15 ადამიანი.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ამ კავკასიური სახელმწიფოს მიერ პანდემიაზე რეაგირების გამო, აქებენ მეცნიერთა ჯგუფს, რომელთაც "სამ მუშკეტერს" უწოდებენ. სამეულში შედიან დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე, ლუგარის ლაბორატორიის ხელმძღვანელი პაატა იმნაძე და მთავარი ვირუსოლოგი, თბილისის შიდსისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე. სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ ლუგარის ცენტრი რუსეთის დეზინფორმაციის მუდმივი სამიზნე ხდებოდა, მაშინ როდესაც დაავადებათა კონტროლის ცენტრის მეცნიერებმა საზოგადოების ფართო პატივისცემა დაიმსახურეს.

შედარებისთვის, BBC-ის მეზობელი სომხეთი მოჰყავს.

"მეზობელ სომხეთში, რომელიც თითქმის საქართველოს ზომისაა, კორონავირუსი მძვინვარებს. ყოველდღიურად ასობით ახალი შემთხვევა რეგისტრირდება, საერთო რაოდენობამ კი 26,000 გადააჭარბა, გარდაცვლილთა რიცხვი დაახლოებით 500-ს შეადგენს“, –წერს გამოცემა.

BBC-ი ყურადღებას ამახვილებს იმ ზომებზე, რომლებმაც საქართველო პოზიტიურ შედეგებამდე მიიყვანა, მათ შორის აღნიშნულია სკოლების, უნივერსიტეტების, არა აუცილებელი ბიზნეს ობიექტების დახურვა, საგანგებო მდგომარეობის შემოღება, შიდა გადაადგილებაზე შეზღუდვების დაწესება და „კომენდანტის საათის“ დაწესება.

BBC-ი წერს, რომ ქვეყნისთვის დიდი ტესტი იყო აღდგომის დღესასწაული. არსებობდა შიში, რომ ღამის საეკლესიო მსახურებას ათასობით ადამიანი დაესწრებოდა, თუმცა საზოგადოებამ მეცნიერების რჩევა გაითვალისწინა და სახლში დარჩა.