მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

BDO: გვაინტერესებს, რას აპირებს მთავრობა და სებ-ი ლარის კურსის დასასტაბილურებლად

6064355a5717a
ვიქტორია მღებრიშვილი
31.03.21 12:46
805
მოკლევადიან პერსპექტივაში ყველაზე დიდი გამოწვევა ლარის კურსია - ამის შესახებ აუდიტორიული კომპანია „BDO საქართველოს“ მმართველმა პარტნიორმა ზურაბ ლალაზაშვილმა პრემიერთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილთან ჩანიშნულ დღევანდელ შეხვედრაზე ბიზნესი ლარის გაუფასურების შესაჩერებლად მთავრობისგან და სებ-ისგან კონკრეტულ სამოქმედო გეგმას ელის.

„ძალიან გვაინტერესებს, რა არის ის კონკრეტული ნაბიჯები, რაც შეიძლება მთავრობამ ეროვნულ ბანკთან ერთად შემოგვთავაზოს, რომ რაღაცნაირად დავასტაბილუროთ ლარი, იმიტომ რომ ეს ურტყამს ბიზნესს და საბოლოო ჯამში, ყველა მცხოვრებელს, რაც ეკონომიკაზე ძალიან ცუდად აისახება“, - თქვა ლალაზაშვილმა.

ცნობისთვის: Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დღევანდელი ვაჭრობა ეროვნული ვალუტის გაუფასურებით დაიწყო. ვაჭრობა ლარის 3.44-ის კურსზე გაიხსნა და ამჟამად ერთი დოლარის ღირებულება 3.46 ლარს შეადგენს.

ეს ჯერ ოფიციალური გაცვლითი კურსი არაა, მას საქართველოს ეროვნული ბანკი 17:00-ზე გამოაქვეყნებს. გუშინ ლარი დოლართან მიმართებით 2.72 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2021 წლის მაქსიმუმი, 3.4118 ლარი გახდა. ბოლო ერთი თვის განმავლობაში საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 2.6%-ით გაუფასურდა. თუკი ლარი დღესაც გაუფასურდება და 3.46-ს მიაღწევს, მაშინ თვიურ ჭრილში ვარდნა 3.8% იქნება.