14.თებერვალი .2020 16:40

BDO-ის მმართველი პარტნიორი: "ინვესტორები საქართველოში შემოსვლისგან თავს შეიკავებენ, სანამ..."

views 1477
უკან

თუ არ იქნება ცნობილი, როგორი პოლიტიკა ექნება არსებულ თუ მომავალ ხელისუფლებას, რთული იქნება ბიზნესისთვის, გააკეთოს გათვლები და ასეთ დროს ყოველთვის თავს იკავებს ინვესტირებისგან, ხარჯის გაწევისგან, რაც თავის მხრივ, ამუხრუჭებს ეკონომიკას, - ამის შესახებ Bm.ge-ს BDO-ის მმართველმა პარტნიორმა ზურაბ ლალაზაშვილმა განუცხადა.

„საქართველოში საარჩევნო წელია, რაც ნიშნავს, რომ გაურკვეველია, როგორი იქნება პოლიტიკა, ეს იქნება ახალი ხელისუფლების ახალი მიმართულება, თუ ძველი ხელისუფლების ძველი პოლიტიკის შენარჩუნება. ეს ყველაფერი ქმნის გაურკვევლობას, რაც ბიზნესისთვის არის რთული, რადგან ბიზნესს უყვარს სტაბილური, განჭვრეტადი გარემო. თუ არ იქნება ცნობილი, როგორი პოლიტიკა ექნება არსებულ თუ მომავალ ხელისუფლებას, რთული იქნება ბიზნესისთვის, გააკეთოს გათვლები და ასეთ დროს ყოველთვის თავს იკავებს ინვესტირებისგან, ხარჯის გაწევისგან, რაც თავის მხრივ, ამუხრუჭებს ეკონომიკას. ჩვენ გვჭირდება დამატებითი ინვესტიციები, გარკვეული რისკის აღება, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა და ა.შ. ეს არის ის, რაც შიგნით ხდება, ხოლო როცა საქართველოს ეკონომიკა არ არის იმხელა, რომ საკუთარი ფულადი სახსრები იყოს საკმარისი ქვეყნის განსავითარებლად, ჩვენთვის არსებითად მნიშვნელოვანია გარედან მიღებული ინვესტიციები. არა მხოლოდ გადმორიცხვა, არამედ ახალი ტექნოლოგიების შემოტანა, ახალი წარმოების შემოტანა, ისეთის, რომელიც შეიძლება წაგვადგეს ჩვენ საქართველოდან ექსპორტის ხელშეწყობაში და ა.შ.“, - განაცხადა ლალაზაშვილმა.

მისივე შეფასებით, ეს ყველაფერი არ უწყობს ხელს საინვესტიციო გარემოს, ვინაიდან ნებისმიერი დაძაბულობა, ნებისმიერი გაურკვეველი სიტუაცია, ხელს უშლის იმას, რომ ამხელა კონკურენციის პირობებში მსოფლიო მასშტაბით, ინვესტორები საქართველოში შემოვიდნენ.

„ინვესტორები საქართველოში შემოსვლისგან თავს შეიკავებენ, სანამ არ გაირკვევა რა მოლოდინები შეიძლება ჰქონდეთ. აქედან გამომდინარე, მე პირადად არ მაქვს მაინცდამაინც პოზიტიური და განჭვრეტადი მოლოდინი წლევანდელ წელთან დაკავშირებით, ამიტომ ბიზნესს შეიძლება ვურჩიო, რომ კარგად დაგეგმონ ბიზნესი, სწორად აკონტროლონ როგორც ხარჯები, ასევე სხვა გადაწყვეტილებები და ყველაფერი გადაწყვიტონ მხოლოდ ფაქტებზე დაყრდნობით“, - ამბობს ლალაზაშვილი.

რაც შეეხება რჩევას მთავრობისთვის, ის ამბობს, რომ მთავრობის მთავარი ამოცანა არის სტაბილური გარემოს შექმნა არა მხოლოდ ბიზნესისთვის, არამედ ზოგადად, სტაბილური პოლიტიკური გარემოს შექმნა.

„ეს არის ყველაზე მთავარი. ალბათ ჩემზე კარგად იციან, რომ ეს არის საჭირო, მაგრამ ალბათ ვერ ხერხდება და რატომ ვერ ხერხდება, ეს ჩემზე კარგად იციან“, - განაცხადა ლალაზაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა