20.სექტემბერი .2019 13:55

BDO შრომის კოდექსში ცვლილებებზე: არ არის დათვლილი ის ეკონომიკური გავლენა, რომელიც პროექტის ამ ფორმით მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს

views 540
უკან

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრმა კომპანიებმა დღეს „შრომის კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებზე იმსჯელეს.

კანონპროექტის განხილვები, რომლის ერთ-ერთი ავტორი დეპუტატი დიმიტრი ცქიტიშვილი, პარლამენტს ჯერ არ დაუწყია.

ბიზნესი ამბობს, რომ ცვლილებების იმ ფორმით მიღება, რა ფორმითაც დღეს არის წარმოდგენილი ნეგატიურ გავლენას მოახდენს როგორც დამსაქმებლებზე, ისე დასაქმებულებზე.

BDO საქართველოს წარმომადგენელი, ზურაბ ნატროშვილი იმ ძირითად პრობლემურ საკითხებს გამოყოფს, რაზეც შეხვედრაზე გამახვილდა ყურადღება.

„ასეთი ცვლილებების მიღება პრობლმას შეუქმნის ყველა დამსაქმებელს, რომელიც შრომის კოდექსის მოქმედების ფარგლებში ექცევა და შრომის კოდექსის მოქმედების ქვეშ ასაქმებ სფიზიკურ პირს. შესაბამისად ეს ძალიან ნეგატიურ გავლენას იქონიებს ბიზნესზე და შესაბამისად საქართველოს ეკონომიკაზე.

შეხვედრაზე გაჟღერდა, რომ არ არის დათვლილი ის ეკონომიკური გავლენა, რომელიც ამ პროექტის ამ ფორმით მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს.

ზეგანაკვეთურის ნაწილში საათობრივი კვოტის დაწესება არ მიგვაჩნია გონივრულად. იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანს უნდა ჰქონდეს თავისუფლება თვითონ აირჩიოს ის დრო, რა დროის განმავლობაშიც შრომით ფუნქციებს შეასრულებს.

საფიქრია იმაზე, რა ფორმით შეიძლება ეს შეზღუდვა ან გაიზარდოს ან მაგალითად თუ გვინდა, რომ დავიცვათ დასაქმებულთა უფლებები ხომ არ ჯობია მივაბათ ანაზღაურების ზრდაზე ზეგანაკვეთურის.

ასევე გაჟღერდა სტაჟირების ნაწილი. მაშინ როცა სახელმწიფო სექტორში შეიძლება ერთ წელს აღწევდეს სტაჟირების პროგრამა, რატომ სამი თვე, აქაც ხომ არ ჯობია ისევ და ისევ ვადაზე მივაბათ ანაზღაურების ზრდა.
ჩემი აზრით, ბოლო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი ეს იყო ობიექტური გარემოების, როგორც შეწყვეტის საფუძვლის ამოღება, რაც არ არის სწორი.

აქ გაჟღერდა რომ არც თუ ისე ხშირად იყენებდა მოსარჩელე მხარე ამ დასაბუთებას, მაგრამ ისე, რომ არ ვიყენებდით არ ნიშნავს, რომ არ შეიძლება გამოგვეყენებინა, ამას ცალსახად მკვდარი ნორმა არ უნდა დავარქვათ.

ამ პირობის ამოღება გამოიწვევს იმას, რომ დამსაქმებელს მოუწევს დიდი რესურსი და დრო დაუთმოს თავისი იურიდიული დეპარტამენტის განვითარებას, რადგან გაცილებით მეტი რამის ჩაწერა მოგვიწევს ხელშეკრულებაში“-აცხადებს ზურაბ ნატროშვილი.

ახალი კანონპროექტი ათასობით მოქალაქეს ერთზე მეტ სამსახურში მუშაობას უზღუდავს .თუ დღეს ერთზე მეტი დამსაქმებლისთვის ასრულებთ სამუშაოს, მომავალში სახელმწიფომ ეს უფლება შესაძლოა კანონის ძალით წაგართვათ.

შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებების შესახებ, ქართული ოცნების წევრის, დეპუტატ დიმიტრი ცქიტიშვილის მიერ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტის მეთექვსმეტე მუხლის მე-5-ე პუნქტის მიხედვით, მოქალაქეებს ეკრძალებათ ერთზე მეტ სამსახურში დასაქმება, თუ აღნიშნული სამსახურის შესრულებით დადგენილი საათები ჯამურად აჭარბებს შრომის კოდექსის მეხუთე თავში არსებულ დანაწესს.

თავად შრომის კოდექსის მეხუთე თავში კი წერია, რომ - “დამსაქმებლის მიერ განსაზღვრული სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 40 საათს და დღის განმავლობაში 8 საათს.” ხოლო, შვიდდღიანი სამუშაო პერიოდის განმავლობაში, ზეგანაკვეთების ჩათვლით, არ უნდა აღემატებოდეს 48 საათს.

შრომის კოდექსის მეხუთე თავი კიდევ სხვა შეზღუდვებსაც აწესებს, მაგალითად, თუ “სამუშაო დრო შეადგენს არანაკლებ 6 საათს და არაუმეტეს 9 საათს, შესვენების ხანგრძლივობა უნდა იყოს სულ მცირე 45 წუთი. თუ სამუშაო დროის ხანგრძლივობა აღემატება 9 საათს, შესვენების ხანგრძლივობა უნდა იყოს სულ მცირე 60 წუთი.”

იმისთვის, რათა მოქალაქეს ერთზე მეტ სამსახურში შეეძლოს მუშაობა, მისი პირველი სამუშაოს შესრულებით, აღნიშნული თავით დადგენილი მაქსიმალური ლიმიტები არ უნდა იყოს შევსებული. ის, რომ შეთავსებული სამუშაოს შესრულება ძირითადი სამსახურისგან თავისუფალ საათებში უნდა მოხდეს ეს მოქმედი კანონმდებლობითაც არის დადგენილი, თუმცა, არსებულ კანონმდებლობასთან შედარებით ახალი კანონპროექტი ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებაზე უფრო მკაცრ მოთხოვნებს აწესებს, რაც თავის მხრივ ზღუდავს დროის იმ შესაძლო მონაკვეთის მოცულობას, რომლის განმავლობაშიც, მოქალაქეს მეორე სამსახურის შესრულება შეუძლია.

ასევე კანონპროექტის მიხედვით, სტაჟირების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს. ერთი და იმავე პირს კი უფლება აქვს ერთი და იმავე დამსაქმებელთან სტაჟირება მხოლოდ ერთხელ გაიაროს.