მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ბედის ანაბარა ვართ დარჩენილები”- ტუროპერატორები სახელმწიფოს სამოქმედო გეგმას სთხოვენ

6008743ceb283
ანუკა ჯოხაძე
20.01.21 22:06
752
თურქეთი, საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, პოლონეთი, ჩეხეთი, გერმანია და ისრაელი ეს ის ქვეყნებია, საიდანაც ქართულმა ტურისტულმა კომპანიებმა უკვე მიიღეს მზაობა ტურისტების ჩამოსვლაზე. თუმცა კონკრეტული სამოქმედო გეგმის არარსებობის გამო ისინი თავიანთ პარტნიორებთან საქმიან ურთიერთობებს ვერ იწყებენ. მათთვის დღემდე უცნობია კონკრეტული რეგულაციები და ვადები, როდიდან შეძლებენ ისინი აქტიურად მოლაპარაკებების წარმოებას. როგორც ტუროპერატორთა ასოციაციის თავმჯდომარე ია თაბაგარი ჩვენთან საუბრისას ამბობს, მათ არაერთხელ ჰქონდათ მცდელობა, რომ ჩართულიყვნენ სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში, თუმცა, უშედეგოდ.

“ტურისტების მისაღებად სამოქმედო გეგმა არ გვაქვს. როდესაც ვკითხულობთ, სად არის სამოქმედო გეგმა, სახელწმიფო გვპასუხობს, რომ ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს ეპიდემიოლოგებთან, რაზეც კერძო სექტორი ვპასუხობთ, რომ ჩვენც ჩაგვრთონ. ამის პარალელურად, დაახლოებით 1 თვის წინ ამბობდნენ, რომ ფრენებზე შეზღუდვები მოიხსნებოდა, თუმცა დეტალები თუ როგორ მოიხსნება შეზღუდვები და რა მიმართულებით, დღესაც არ არის ცნობილი. აეროპორტებსაც ვეკითხებით და მათაც არ აქვთ ინფორმაცია. არადა მოთხოვნა არის ისეთი ქვეყნებიდან, როგორებიცაა თურქეთი, საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, პოლონეთი, ჩეხეთი, გერმანია, რომლებსაც უნდათ ჩამოსვლა სათხილამურო კურორტებზე. ითხოვენ რეგულაციებს, აინტერესებთ ფრენების გრაფიკი. რა უშლის ხელს იმას, რომ აცრილი ხალხი ჩამოვიდეს საქართველოში? რატომ არის ეს ასეთი პრობლემა? ბედის ანაბარა ვართ დარჩენილები და ველოდებით როდის გადანაწილდება თანამდებობები სამინისტროებში და მნიშვნელოვან უწყებებში, როდის მიიღებენ ისინი გადაწყვეტილებებს. რომელი მინისტრიც არ უნდა შეცვალოს და როგორც არ უნდა გადანაწილდეს, სახელმწიფოს მიზანი უნდა იყოს დასახულ მიზანს გაყვეს და გააგრძელოს ზუსტად ის მიმართულება, რომელსაც მოსახლეობა და ბიზნესი ითხოვს”, - ამბობს ტუროპერატორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ია თაბაგარი.

მისივე თქმით, არაერთი მცდელობის შემდეგ მათ თავად შეიმუშავეს 7-პუნქტიანი სამოქმედო გეგმა, თუ როგორ უნდა მოხდეს ტურისტების მიღება ქვეყნებიდან, რომელიც მოიცავს სახელმწიფოს მხრიდან რეგულაციების შემუშავებას და რომელიც დაეგზავნებათ პარტნიორებს მსოფლიოს მასშტაბით. ასევე მისი თქმით, უნდა მოხდეს საერთაშორისო ქსელებით ინფორმაციის გავრცელება, რომ ქვეყანა მზადაა სტუმრების მისაღებად. თაბაგარის განმარტებით, მნიშვნელოვანია ვიზიტორების შემოწმება აეროპორტებში, რისი მობილიზებაც აუცილებელია. 7-პუნქტიანი გეგმის ნაწილია ტურისტულ ინდუსტრიაში ჩართული კომპანიების ინფორმირებაც.

როგორც ის ამბობს, წამზომი უკვე დიდი ხანია ტურისტული სექტორისთვის ჩართულია. შესაბამისად სახელმწიფომ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა უნდა დაიწყოს.