მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბეირუთის აფეთქება მოლდოვური გემის ტვირთს უკავშირდება, რომელიც ბათუმიდან მოზამბიკში მიდიოდა

5f2a934d18f7d
შოთა ტყეშელაშვილი
05.08.20 14:32
4993
4 აგვისტოს ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის საპორტო ტერმინალთან ხანძარი და მძლავრი აფეთქება მოხდა, რასაც არსებული ინფორმაციით 70-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 3500-ზე მეტი კი დაშავდა. რამდენიმე კილომეტრის რადიუსში დაზიანებულია საცხოვრებელი სახლების ფასადები, ჩამსხვრეულია მინები. 

არსებული ინფორმაციით, მძლავრი აფეთქების მიზეზი გახდა ქიმიური ტვირთი, კერძოდ კი 2,750 ტონა ამონიუმის ნიტრატი, რომელიც პორტის ტერიტორიაზე 2013 წლიდან ინახებოდა. პორტში ეს ტვირთები 2013 წლის სექტემბერში აღმოჩნდა, როდესაც მოლდოვის დროშის ქვეშ მცურავი გემი, Rhosus-ი ბეირუთის პორტში ტექნიკური მიზეზების გამო შეჩერდა. გემი ბათუმიდან მოზამბიკის საპორტო ქალაქ ბეირას მიმართულებით მიდიოდა. 

ხომალდი მარშალის კუნძულებზე 2012 წელს დაფუძნებული კომპანია Teto Shipping Ltd-ს საკუთრებაში იყო, თავად კომპანიის მესაკუთრე კი რუსი ბიზნესმენი იგორ გრეჩუშკინია, რომელსაც კვიპროსის მოქალაქეობა აქვს. 

ბეირუთის პორტში ხომალდის შემოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ Rhosus-ს ცურვის უფლება არ ჰქონდა, ამიტომაც მას ბეირუთის დატოვების უფლება არ მიეცა. 

ხომალდის ეკიპაჟის წევრების უმეტესობა უკრაინის მოქალაქე იყო. Rhosus-ის  ლიბანში დაკავების შემდეგ კომპანიასა და მეზღვაურებს შორის დავა წარმოიშვა, რაც გაუსტუმრებელ ხელფასებს უკავშირდებოდა. Aljazeera-ს ინფორმაციით, ტვირთი, რომლის კონფისკაციაც მოხდა ლიბანის სახელმწიფოს წარმომადგენლებს შორის განხილვის საგანს წარმოადგენდა. ლიბანის საბაჟო დეპარტამენტი სხვადასხვა პერიოდში ჩამორთმეული ტვირთის ექსპორტს, ასევე მისი ქვეყნის არმიისთვის გადაცემას ან ასაფეთქებლების მწარმოებელი ლიბანური კომპანიებისთვის მის მიყიდვას განიხილავდა.

ხომალდზე არსებული ტვირთი წარმოშობილი დავის პერიოდში პორტში გადაიტანეს, სადაც ბოლო 7 წლის განმავლობაში სავარაუდოდ სათანადო მეთვალყურეობის გარეშე იმყოფებოდა.