მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბეჟან წაქაძე: „არ მგონია, 5-10 წელში, BMW-ს ცენტრები გაიხსნას და მანქანები ვაწარმოოთ”

5fec59a3ed925
ვიქტორია მღებრიშვილი
30.12.20 16:05
2898
ყოფილი ბიზნესმენი და კომპანია GDG ჯგუფის ხელმძღვანელი, დღეს უკვე პარლამენტში „ქართული ოცნების“ დეპუტატი ბეჟან წაქაძე სახელმწიფოს მხრიდან მშენებარე სასტუმროების მხარდაჭერას ითხოვს. აღნიშნულის შესახებ დეპუტატმა გასულ კვირას, პარლამენტში 5 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, მინისტრობის კანდიდატების მოსმენისას პირველად განაცხადა, თუმცა მაშინ კონკრეტული მოთხოვნა არ წამოუწყენებია. დღეს კი, პარლამეტის საფინანსო-საბიუჯეტი კომიტეტის სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ბექა ლილუაშვილის მიერ საგადასახადო კოდექსში 6 ცვლილების შეტანის პროექტის წარდგენისას ყოფილმა ბიზნესმენმა განაცხადა, რომ ამ სეგმენტს სახელმწიფო უნდა დაეხმაროს. მან ბექა ლილუაშვილს უთხრა, რომ სახლწიფოს დახმარებების ნაწილში მშენებარე სასტუმროები არც - დეველოპერულ და არც სასტუმროების სექტორში არ გავიდა.

აღსანიშნავია, რომ თავად პარლამენტარის კომპანია "GDG ჯგუფი" თბილისსა და რეგიონებში რამდენიმე სასტუმროს პროექტს ახორციელებს. როგორც მარტში ბიზნესმენი BM.GE-ისთან საუბრისას აცხადებდა, რამდენიმე სასტუმროში სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია, ხოლო ნაწილში მშენებლობა მხოლოდ მდგომარეობის დასტაბილურების შემდეგ განახლდება. 

„საგადასახადო კოდექსში შესატანი ცლილებების პროექტში გამორჩენილია თუ ჩათვლილი არაა მშენებარე სასტუმროები, რომლებიც არც ერთ სფეროში არ გავიდნენ არც დეველოპერული სექტორის სუბსიდირებაში და არც - სასტუმრო სექტორში. ამ სექტორმა, რომელიც ბიზნესს ახორციელებს ტურიზმის მიმართულებით, აშენებს და დღეს სასტუმროები არ აქვს დამთავრებული, მაგალითად, დახარჯა 10 მლნ ლარი და შეიძლება 20-იც დახარჯოს, 200 000 ლარი უნდა გადაგიხადოს ქონების გადასახადი და საერთოდ არ ეხმარებით. არც იმ კუთხით, რომ გადაუვადე და უნდა გადაგიხადოს, არც იმ კუთხით რომ სესხის პროცენტი როგორც სასტუმროებს დაუფინანსეთ, დაუფინანსოთ და ეს სეგმენტი საერთოდ ამოვარდა“, - განაცხადა წაქაძემ.

დეპუტატმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ტურიზმის სექტორის ჩავარდნამ ეკონომიკას "ძალიან დაარტყა" , საქართველოში კი, ტურიზმი ეკონომიკის გამწევი ძალა კიდევ მრავალი წელი იქნება. ბეჟან წაქაძე მიიჩნევს, რომ სექტორს დახმარება ქონების გადასახადის ნაწილში საკანონმდებლო ცვლილებების დონეზეც ესაჭიროება.

„ჩვენ თუ გვინდა, ეს სექტორი განვავითაროთ და უახლოეს 5-10 წელიწადში არ მგონია, აქ BMW-ს ცენტრები გაიხსნას და აქ მანქანები ვაწარმოოთ... ხალხმა იმიტომ ჩადო იქ ფული, რომ ხელისუფლების მოწოდება იყო ასეთი და ძალიან ბევრი დეველოპერი გადავიდა ამ სექტორში. ეს სეგმენტი საერთოდ მივატოვეთ და მე საერთოდ არ ვეთანხმები იმას, მაგრამ კანონით ქონების გადასახადის გადახდა მშენებლობის პერიოდში ხდება. ეს გადასახადი საერთოდ არ უნდა იხდებოდეს მშენებლობის დროს. იმიტომ რომ, აქედან პირდაპირ ვართმევთ ადამიანებს ფულს. რა ეშველება ამას?!“, - მიმართა წაქაძემ ლილუაშვილს.

თავის მხრივ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა ლილუაშვილმა დეპუტატის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ მისი განცხადება, დღეს წარდგენილ საკანონმდებლო ცვლილებებს არ ეხება, თუმცა ორივე საკითხზე მუშაობა შესაძლებელია.

„ჩვენ შეგვიძლია ვიმუშაოთ საბანკო მხარდაჭერის ნაწილზე, რადგანაც ეს პროცესი, ძირითადად, საბანკო კრედიტით ფინანსდება და ასეთ პროექტებს, ძირითადად,  სწორედ საბანკო მომსახურების ნაწილში შეექმნა პრობლემა და მეორეს მხრივ, ჯამურად, როგორც მთლიანი საკითხი და არა მხოლოდ სასტუმროების ნაწილში მშენებარე ობიექტები უნდა იხდიდნენ თუ არა ქონების გადასახადს, ამაზე შეგვიძლია გავაგრძელოთ მუშაობა, თუმცა ეს არ არის კორელაციაში პანდემიურ მდგომარეობასთან“, - განაცადა ლილუაშვილმა.

დეპუტატი დაინტერესდა საგადასახადო კოდექსში შესატან ცვლილებებზე მუშაობისას თუ იყვენენ მშენებარე სასტუმრობის განმახორციელებელი კომპანიების ჩართულები, რაზეც საპარლამეტო უმრავლესობის წევრმა უპასუხა, რომ დარწმუნებით არ იცის, თუმცა დაუდასტურა, რომ კერძო სექტორი და მათ შორის სასტუმრო ინდისტრიის წარმომადგენლები ცვლილებების პროექტის შემუშავებას ესწრებოდნენ, რის საპასუხოდაც ბეჟან წაქაძემ განაცხადა:

„ძალიან ბევრმა დეველოპერმა დაიწყო სასტუმროების მშენებლობა - 4-5 სასტუმროს აშენებენ და ახლა ფიქრობენ, რომ სტატუსი შეუცვალონ. ჩვენ დაგვჭირდება ეს ხალხი, როდესაც ყველაფერი გადავა და ამიტომ რაღაც სეგმენტში ამ ხალხს უნდა დავეხმაროთ“.