მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბელარუსიდან ტურისტულად და ბინების შესაძენად ჩამოდიან - კახა სამყურაშვილი

620f9b0e53718
სალომე ჭიპაშვილი
18.02.22 20:30
939
საუდის არაბეთი, ყაზახეთი, უზბეკეთი, უკრაინა, ბელარუსი - ეს იმ ქვეყნების ჩამონათვალია, საიდანაც იანვარში ვიზიტორების რიცხვი პანდემიამდელ შედეგსაც აჭარბებს.

როგორც „საქმიან დილაში“ სტუმრობისას Galt&Taggart-ის უფროსმა ანალიტიკოსმა, კახა სამყურაშვილმა განაცხადა, იანვარში, ტურიზმის აღდგენის თვალსაზრისით, საკმაოდ პოზიტიური ტენდენციები შეინიშნება. 2019 წლის იგივე პერიოდთან შედარებით ტურიზმის 53-54%-იანი აღდგენა ფიქსირდება.

„ერთდღიანი ვიზიტორების შემოდინების რიცხვი ჯერ კიდევ დაბალია, თუმცა ძირითადად ვინც შემოდის, მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტია, რომელთა რიცხვი იანვარში 2019 წლის ანალოგიური პერიოდის შედეგსაც აჭარბებს“, - განაცხადა კახა სამყურაშვილმა.

მისივე თქმით, ტურისტებისგან შემოსულ შემოსავლებში თვიდან თვემდე იზრდება უკრაინის წილი. იანვარში ჯამურ შემოსავლებში ამ ქვეყნის წილმა 10-11%-იც კი შეადგინა.

„ორი აზრი არ არის იმაში, რომ ჩვენთვის უკრაინა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ბაზარია. დასავლურ, ევროპულ და სპარსეთის ყურის ქვეყნებთან შედარებით, უკრაინიდან შემოსული ტურისტები შეიძლება მაღალმხარჯველიანობით არ გამოირჩეოდნენ, თუმცა ბაზრების დივერსიფიკაციის ერთ-ერთი საშუალებაა", - განაცხადა სამყურაშვილმა.

Galt&Taggart-ის ანალიტიკოსმა ისაუბრა უზბეკეთიდან 2019 წელთან შედარებით ტურისტების შემოსვლის გასამმაგებულ ტენდენციაზეც, რომელიც მისივე თქმით, ახალი და ძალიან მნიშვნელოვანი ბაზარია. როგორც სამყურაშვილმა განაცხადა, გაზრდილია ტურისტების ნაკადი ისრაელიდან და ბელარუსიდან. ამ უკანასკნელზე კი გავლენა იქონია იმანაც, რომ საქართველო იმ იშვიათ ქვეყნებში შედის, ვისთანაც პირდაპირი ავიამიმოსვლა აქვთ.

„ბელარუსიდან არამარტო ტურისტებად, არამედ ძალიან დიდი ნაკადები შეიმჩნევა პერმანენტული იმიგრაციის კუთხითაც და ეს უძრავი ქონების ბაზარზეც გამოჩნდა. ისინი აქტიურად ყიდულობენ ბინებს ბათუმში და ვფიქრობ, მათი ნაკადები მომავალში უფრო გაიზრდება“, - განაცხადა Galt&Taggart-ის უფროსმა ანალიტიკოსმა.

შეგახსენებთ, Galt&Taggart- ის პროგნოზით, 2022 წელს 2019-თან შედარებით ტურიზმიდან შემოსავლები 80-85%-ით აღდგება და $2.8 მლრდ-ს მიაღწევს.