მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბელარუსში უცხოელ ინვესტორებს „არამეგობრული“ ქმედებებისთვის ქონებას ჩამოართმევენ - კანონი მიღებულია

63b9811819c4b
თამთა ჯიჯავაძე
07.01.23 18:42
669
ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ხელი მოაწერა კანონს, რომლითაც უცხოელი ინვესტორებისთვის ქონების ჩამორთმევის პროცედურები განისაზღვრება. ახალი კანონმდებლობის მიხედვით, ქონების, აქტივების და ქონებრივი უფლებების ჩამორთმევის საფუძველი შეიძლება  ბელარუსის სახელმწიფოს და მოქალაქეების მიმართ „არამეგობრული“ ქმედებები. თუმცა, კონკრეტულად რა იგულისხმება „არამეგობრულ“ ქმედებებში, კანონში დაზუსტებული არ არის.

პროცედურა კი შემდეგნაირია: „არამეგობრული“ ქმედებების საფუძველზე, მინისტრთა კაბინეტი მიიღებს გადაწყვეტილებას საპასუხო ქმედებების განხორციელებაზე, რის შემდეგაც ქონების სახელმწიფო სამსახური სასამართლოს უცხოელი ინვესტორისთვის ქონების ჩამორთმევის თხოვნით მიმართავს. სასამართლომ კი გადაწყვეტილება ერთი თვის ვადაში უნდა მიიღოს.

ცნობისთვის, ლუკაშენკომ 2022 წლის განმავლობაში უცხოური კაპიტალის მქონე ბიზნესები ნაციონალიზაციის შესახებ არაერთხელ გააფრთხილა. ნოემბერში მან თქვა, რომ ეს პერსპექტივა ელის საწარმოებს, რომელთა დასავლელი აქციონერები აქტივის გაყიდვას ცდილობენ. „მანიშნებენ - არ მინდა საწარმოების დასახელება - რომ ზოგი გაიქცა, ფინელები და ლიტველები ეძებენ გზებს, თუ როგორ გაყიდონ კარგად ბიზნესი. მათ უნდა იცოდნენ: უცხოური კაპიტალით არავინ არაფერს გაყიდის - მოხდება მისი ნაციონალიზაცია“, - განაცხადა ლუკაშენკომ.

დეკემბერში კი ბელარუსის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უცხოურ ბიზნესებს, რომლებიც ქვეყანას ტოვებენ, „ხელი უნდა დავუქნიოთ“. მან McDonald's-ის მაგალითი მოიყვანა, რომელმაც რუსეთთან ერთად ბელარუსიც დატოვა.

ცნობისთვის, 2022 წლის ივლისში, ბელარუსის მთავრობამ 190 კომპანიის სია გამოაქვეყნა, რომლებიც უცხოურ კაპიტალს ფლობენ.