მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვფიქრობ, დაწესებული შეზღუდვები ვადაზე ადრე შევასუსტეთ" - ირაკლი კოვზანაძე

60f832516a7c0
ინგა მურუსიძე
21.07.21 22:41
690
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძე ფიქრობს, რომ რეგულაციები გარკვეულწილად ვადაზე ადრე შესუსტდა.

როგორც კოვზანაძემ „საქმის კურსის“ ეთერში განაცხადა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წინა სხდომაზე ამ პოზიციას დაეთანხმა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიაც.

„ჩემი შეგრძნება არის, რომ გარკვეულწილად ვადაზე ადრე შევასუსტეთ ის რეგულაციები, რაც დაწესებული იყო. დღეს გამართული კომიტეტის სხდომაზე გაჟღერდა, რომ ჩვენ შეგვიძლია ავცრათ 20 ათასი ადამიანი, თუმცა იცრება 6 000, ანუ სამჯერ მეტი შეგვიძლია ავცრათ. ეს არის მოცემულობა. ანუ ტემპიც დასაჩქარებელია როგორმე, რომ ეს პრობლემები გადაილახოს. ვხედავთ, რომ ბავშვებში გავრცელდა ვირუსი სერიოზულად.

ეკონომისტებს გვაქვს ტერმინი - „სხვა თანაბარ პირობებში“, თუ ვაქცინაციის საკითხი არ მოგვარდა, სხვა თანაბარი პირობები არ შეიქმნება და დაგეგმილი ეკონომიკური ზრდა შესაძლოა მიღწევადი არ იყოს. თუ რისკი არ მოგვარდა და პრობლემა არ გადაიჭრა, არ გამოვრიცხავთ, რომ დაგეგმილ ციფრზე[7.7%] ვერ გავიდეთ და არ განვითარდეს ეს საბაზისო სცენარი“, - განაცხადა კოვზანაძემ.

მისივე თქმით, ინფიცირების მაჩვენებელი იმატებს და პრობლემა მოსაგვარებელია რაც შეიძლება სწრაფად.

„თუ ახლა არ მოვაგვარეთ, მე არ გამოვრიცხავ, რომ მომავალ წელსაც მნიშვნელოვანი პრობლემების მოგვარება დაგვჭირდეს. მივმართავ მოქალაქეებს, აიცერით რამდენადაც შესაძლებელია, რომ გაუფრთხილდეთ ერთმანეთს და ეკონომიკამაც წინ წაიწიოს. აქ ყველამ უნდა ვიმოქმედოთ, რომ პროცესი დაჩქარდეს. ყველას აქვს აქ წვლილი, მაგრამ მთავარი არიან იმ ეროვნული გეგმის შემოქმედები, ვინც ეს გეგმა შეადგინა“, - თქვა კოვზანაძემ.

ინფორმაციისთვის, 21 ივლისის მონაცემებით, ჯამურად 374 685 აცრა ჩატარდა, სრულად აცრილია 133 648 ადამიანი.