მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბენზინის ფასზე მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები უბრალოდ დანაშაულია - რაქვიაშვილი

6290f4ac62179
BM.GE
27.05.22 23:00
5813
პარტია "გირჩის" წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა ინტერპელაციის წესით პარლამენტში მისულ ეკონომიკის მინისტრს საწვავის ფასების საკითხზე მიმართა. რაქვიაშვილის განცხადებით, არასწორია ერთი ლიტრი ბენზინის 4 ლარამდე გაძვირების ბარელი ნავთობის მიერ 100-დოლარიანი ზღვრის გადალახვასთან დაკავშირება. დეპუტატის განმარტებით, 100 დოლარზე ძვირი ღირდა ბარელი ნავთობი 2008; 2011; 2012 და 2013 წლებშიც, თუმცა მაშინ ბენზინის ფასი 2 ლარს აღწევდა. რაქვიაშვილი ამბობს, რომ საწვავის გაძვირებისას მთავრობამ არა კონკურენციის სააგენტოს, არამედ ეროვნულ ბანკს უნდა მიმართოს, რადგანაც ფასებსა და ინფლაციაზე პასუხისმგებელი სწორედ ეს უწყებაა.

“ბენზინის ფასებზე საუბარი და ის გადაწყვეტილებები, რომლებიც მთავრობამ მიიღო, უბრალოდ დანაშაულია. იმიტომ კი არა, რომ თეორიულად არ იქნებოდა ცუდი, რომ ბენზინის ფასები იყოს უფრო დაბალი, მოდით უფრო შინაარსობრივად გადავხედოთ საკითხს. 1 ლიტრი ბენზინი რომ თითქმის 4 ლარი ღირს, არ არის იმის ბრალი, რომ ნავთობი ღირს 100 დოლარზე მეტი. თქვენ შეგიძლიათ პასუხისმგებლობა აიღოთ ამ თეზისზე? იმიტომ რომ მე შემიძლია გითხრათ, რომ მაგალითად 2008 წელს ბარელის ფასი 100 დოლარზე მეტი იყო, 140 დოლარზე მეტიც ღირდა. 2011 და 2012 წლებშიც, ასევე 2013 წელს.

ბენზინის ფასი აქეთ-იქით იწევს ხოლმე, ხან რა მოხდება ხან რა. შეგატყობინოთ რა ფასები იყო იგივე წლებში? იყო 1 ლარი, 1.20 ლარი, 2 ლარი, 1.60 ლარი. რა შუაშია ბენზინის ფასი და ნავთობის ფასი? გასაგებია რომ ნავთობის ფასი ერთ-ერთი ფაქტორია, მაგრამ რაღაც სხვა მიზეზიც უნდა არსებობდეს ხომ? მემგონი მიზეზი ცხადია, რატომ იზრდება ჩვენ ქვეყანაში ფასები - უნდა მივმართოთ ეროვნულ ბანკს. მაგრამ თქვენ რას აკეთებთ ამის ნაცვლად? - მიმართავთ კონკურენციის სააგენტოს, რომელიც იწყებს მოლაპარაკებებს კომპანიებთან, რაც ჩემი აზრით უბრალოდ არ შეიძლება საბაზრო ეკონომიკაში,”- განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.