მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი ზრდას აგრძელებს - "ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი"

60f6c9ecb9e61
ინგა მურუსიძე
20.07.21 23:10
914
ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი ზრდას აგრძელებს, - ამის შესახებ ნათქვამია ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებაში, რომელსაც bm.ge უცვლელად გთავაზობთ:

„2021 წლის იანვარ-ივნისის თვეების განმავლობაში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 532,3 ათასი ტონა, რაც 34,4 ათასი ტონით ანუ 6,9%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (497,9 ათასი ტონა) შედარებით და 38,0 ათასი ტონით ანუ 7,7%-ით პანდემიამდე არსებული 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (494,3 ათასი ტონა) შედარებით.

მათ შორის, 2021 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 266,3 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 266,0 ათასი ტონა.

კატეგორიების მიხედვით, 2021 წლის იანვარ-ივნისის თვეების განმავლობაში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა შემდეგი: A-91 რეგულარი ტიპის ბენზინი - 174,8 ათასი ტონა (65,6%); A-95 პრემიუმი ტიპის ბენზინი - 86,0 ათასი ტონა (32,3%); A-98 სუპერი ტიპის ბენზინი - 5,5 ათასი ტონა (2,1%);

მიმდინარე წლის იანვარ-ივნისის თვეების განმავლობაში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუმინეთიდან - 124,3 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 23,4%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: თურქმენეთი - 122,6 ათასი ტონა - 23,0%; რუსეთი - 109,7 ათასი ტონა - 20,6%; აზერბაიჯანი - 94,2 ათასი ტონა - 17,7%; ბულგარეთი - 57,4 ათასი ტონა - 10,8%; საბერძნეთი - 11,1 ათასი ტონა - 2,1; თურქეთი - 8,1 ათასი ტონა - 1,5%; ყაზახეთი - 2,5 ათასი ტონა - 0,5% და სხვ.

აქვე უნდა აღვნიშნოთ, საწვავის იმპორტის ზრდიდან გამომდინარე მიმდინარე წელს სახელმწიფო საბიუჯეტო შემოსავლები ნავთობპროდუქტების ბიზნეს-სექტორიდან ბოლო ორი წლის მაქსიმუმ მაჩვენებელზე დგას.

ასევე აღნიშვნის ღირსია, რომ თურქმენეთი მიმდინარე წელს იქცა საწვავის ერთ-ერთ ძირითად მომწოდებლად. მათ შორის, თურქმენეთიდან ხორციელდება დიზელის საწვავისა და A-91 რეგულარის ტიპის ბენზინის იმპორტი“, - ნათქვამია ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებაში.

რაც შეეხება ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ზრდას, ის განპირობებულია ბევრი სხვადასხვა ფაქტორით, რომელთაგან უმთავრესია ის, რომ მიმდინარე წელს მოსალოდნელზე უფრო მაღალი ტემპით მიმდინარეობს ეკონომიკის აღდგენის პროცესი.