მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბექა ფერაძე ბავშვთა გასართობი ცენტრების წარმომადგენლებს შეხვდა - შედეგები

604f5216171b3
ინგა მურუსიძე
15.03.21 16:20
628
"შემდეგ ორ კვირას რეკომენდაციების შემუშავებისთვის, ასევე ეპიდსიტუაციაზე დაკვირვებისთვის გამოვიყენებთ და ამის მერე ბავშვთა გასართობი ცენტრების გახსნის საკითხს უწყებათშორისი საბჭო გადაწყვეტს“, - ეს განცხადება შრომის ინსპექციის სამსსახურის უფროსმა ბექა ფერაძემ გააკეთა.

საქმე იმაშია, რომ დღეს ბავშვთა გასართობი ცენტრების წარმომადგენლებმა ჯანდაცვის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გამართეს და გახსნა მოითხოვეს. აქციის შემდეგ მათ ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი და შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსი შეხვდნენ.

"შევქმენით სამუშაო ჯგუფი; მათთან ერთად შევიმუშავებთ და დავაწესებთ სექტორზე ადაპტირებულ რეგულაციებს, რაც  მდგრად გახსნას უზრუნველყოფს, რათა სახელმწიფოს წინაშე შეზღუდვების დაწესების აუცილებლობა ისევ არ დადგეს. დარგის წარმომადგენლების მხრიდან სრული მზაობაა და სამუშაო ჯგუფის ფორმატში მივაწვდით რეკომენდაციებს, რის შემდეგაც საბოლოო ვერსიაზე შევჯერდებით", - განაცხადა ბექა ფერაძემ.

რაც შეეხება გახსნის სავარაუდო პერიოდს, შრომის ინსპექციის უფროსი განმარტავს, რომ მომდევნო ორ კვირა ეპიდვითარებას დააკვირდებიან, რეკომენდაციებს შეიმუშავებენ და საბოლოო გადაწყვეტილებას უწყებათშორისი საბჭო მიიღებს.

„ჩვენ საკითხს წარვუდგენთ უწყებათშორის საბჭოს და გადაწყვეტილებასაც ის მიიღებს. თუ სტაბილური ეპიდსიტუაცია იქნება, სახელმწიფოს ინტერესია, რომ გახსნები დააანონსოს“, - აღნიშნა მან.

კითხვაზე - რატომ გახდა საჭირო საპროტესტო აქციის გამართვა შეხვედრისთვის, შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსი ირწმუნება, რომ მიმდინარე კვირის დასაწყისში შეხვედრა ისედაც დაგეგმილი იყო.

„შეხვედრა მიმდინარე კვირის დასაწყისში ისედაც დაგეგმილი იყო, თუმცა რატომღაც ასეთი ფორმატი გადაწყდა. როგორც ხედავთ, შეხვედრამ ძალიან კონსტრუქციულად ჩაიარა და კითხვები არ არსებობს“, - განაცხადა ბექა ფერაძემ.