მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბექა ფერაძე მაღაზიის კონსულტანტებს: თუ შრომის პირობები ირღვევა, მოგვმართეთ

60056c93f31f7
ინგა მურუსიძე
18.01.21 15:09
3423
შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის ბექა ფერაძის განცხადებით, მსხვილი დამსაქმებლები ამბობენ, რომ თანამშრომლებს ინარჩუნებენ.

ასე უპასუხა ფერაძემ ჟურნალისტის კითხვას, რომლის თანახმად, სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, სასურსათო მაღაზიების მენეჯმენტი თანამშრომლებს სამსახურიდან ოფიცილურად ათავისუფლებს, მაგრამ მაინც ამუშავებს იმ პირობით, რომ როცა სახელმწიფოს 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების ვადა ამოეწურებათ, სამსახურებში ისევ აღადგენენ. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ სამსახურებიდან ათავისუფლებენ მათ, ვინც მოლებსა თუ ბაზრობებზეა დასაქმებული, რადგან ამ დრომდე ე.წ. წერტილოვანი შეზღუდვების ფარგლებში მათ მუშაობა აკრძალული აქვთ.

თავის მხრივ, ბექა ფერაძემ მოუწოდა მაღაზიის კონსულტანტებს/დასაქმებულებს, რომ თუ მათი შრომის უფლებები ირღვევა, მიმართონ შრომის ინსპექციას. 

„ბიზნესს, დამსაქმებლებს საკმაოდ აქტიურად ვხვდებით. ყველა დიდ კომპანიასთან გვაქვს კომუნიკაცია და მსგავსი ტიპის ინფორმაცია მათი მხრიდან არ დაფიქსირებულა. პირიქით, ამბობენ, რომ ინარჩუნებენ თანაშრომლებს, თუმცა თუ რაიმე წესის და შრომის კოდექსის დარღვევით მიმდინარეობს, შრომის ინსპექციას შეუძლია ზედამხედველობა განახორციელოს. დაინტერესებულმა პირმა უნდა მოგვმართოს და ჩვენ მას შევამოწმებთ“, - განაცხადა ბექა ფერაძემ და იქვე დასძინა, რომ 1 იანვრიდან შრომის ინსპექციას კომპანიაში შესვლა და შრომის პირობების შემოწმება გაუფრთხილებლად შეუძლია.