მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბექა გონაშვილი: „მექანიზატორის“ შენახვაში სახელმწიფო ბევრ ფულს კარგავს

5fe0b57ea9ee8
ვიქტორია მღებრიშვილი
26.12.20 10:10
1937
„მიმაჩნია, რომ „მექანიზატორი“ იყო არასწორი სისტემა“, - ამის შესახებ კომპანია „აგროქიზიყის“ დამფუძნებელმა ბექა გონაშვილმა მიმდინარე კვირაში პარლამენტში 5 დარგობრივი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც გიორგი გახარიას განახლებული კაბინეტის ძველ სახეებს უსმენდნენ.

საქმე იმაშია, რომ 2009 წელს შექმნილ სახელმწიფო შპს “მექანიზატორის“ საკუთრებაშია ათობით ტრაქტორი და წლებია, კომპანია მილიონობით ზარალზეა. საწარმოს მთავარი დანიშნულება აგრარული სექტორის ტექნიკითა და მექანიზაციით მომსახურებაა. კომპანიის დაფუძნების იდეა იმაში მდგომარეობდა, რომ რადგან საქართველოში მიწის მესაკუთრეების უმეტესობას მიწის მცირე ნაკვეთები აქვთ სარგებლობაში და მსხვილი ტექნიკის შეძენის რესურსები არ გააჩნიათ, საქართველოს ხელისუფლებას შეექმნა მსხვილი კომპანია, რომელსაც სხვადასხვა რეგიონში ექნებოდა განთავსებული მექანიზაცია. ხელისუფლება იმედოვნებდა, რომ ამით, ერთი მხრივ, სოფლის მეურნეობის განვითარებას შეუწყობდა ხელს, მეორე მხრივ, კი თავად კომპანიაც, მომგებიანი იქნებოდა. როგორც ირკვევა, კომპანია მომგებიანობისგან შორს არის და მთავრობა ცდილობს, ზარალიანი აქტივისგან გათავისუფლდეს, მაგრამ რადგან „მექანიზატორს“ სრულად ვერ ყიდის, პერიოდულად აუქციონზე გასაყიდად ტრაქტორები გამოაქვს.

სწორედ აღნიშნული საკითხი წამოჭრა ფერმერმა ბექა გონაშვილმა. მისი შეფასებით, თავის დროზე ამ პროგრამამ კარგი საქმე გააკეთა, რადგან „ქართველმა ფერმერებმა ბელარუსული ტექნიკის გარდა სხვა ტექნიკის არსებობის შესახებ გაიგეს და ნახეს, თუმცა ფერმერები მას არაკეთილსინდისიერად იყენებდნენ“.

“იმ ფორმით, როგორითაც დღეს „მექანიზატორი“ არსებობს, მისი დატოვება ფიზიკურად არ შეიძლება. სახელმწიფო ამაში ძალიან ბევრ ფულს კარგავს. მგონია, რომ უფრო სწორი იქნება ფერმერებისთვის თანადაფინანსების ნაწილში დახმარება და ამ კუთხით ფულის ხარჯვა. როდესაც ფერმერი თავისი თანამონაწილეობით ყიდულობს ტრაქტორს, ის ჯერ ისწავლის ამ ტრაქტორის მართვას, სწორად გამოყენებას, სწორ აგრეგატს შეარჩევს, რაც მის სიმძლავრეს სჭირდება და ისე დაჯდება მასზე და არავის მისცემს იმის გაუბედურების საშუალებას. დღეს მაგალითად ბალანსზე შეიძლება იყოს ტრაქტორი, მაგრამ იმდენი დეტალი აქვს მოხსნილი, რომ მაგის ძალიან ბევრი ისტორია ვიცი“, - განმარტა „აგროქიზიყის“ დამფუძნებელმა.